ხელოვნება

ქართული ფილმი “ბერლინალეს” პანორამის მაყურებლის პრიზის ერთ-ერთი გამარჯვებულია

16 თებერვალი, 2014 •
ქართული ფილმი “ბერლინალეს” პანორამის მაყურებლის პრიზის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ფილმი “პატარძლები” ქართულ- ფრანგული კოპროდუქციაა, რომელიც “მსოფლიო კინოს დახმარების” პროგრამის ფარგლებში ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს. “პატარძლები” ნუცას და მისი ქმრის გოგას ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრება გოგას დაპატიმრების გამო ციხეში ყოველთვიურ ვიზიტებად იქცა.  

 

“პატარძლები” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში “პანორამა” იყო ნაჩვენები, საბოლოოდ კი,  მხატვრული ფილმების კატეგორიაში “პანორამის მაყურებლის პრიზის” გამარჯვებულებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი წილად ხვდა ფილმს “Difret”, ხოლო მეორე ადგილი ფილმს “The Way He Looks” ერგო. 

 

დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია კვირას, 16 თებერვალს გაიმართება. 

 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში “პანორამის მაყურებლის პრიზი” 1999 წლიდან არსებობს, 2011 წლიდან კი  მხატვრულ და დოკუმენტურ კინოს აჯილდოვებენ. 2014 წლის “ბერლინალეს” პანორამის მაყურებლის პრიზის  გამარჯვებულები, ჯამში, 31 000 ხმით გამოვლინდა. წელს “ბერლინალეზე” სექციაში “პანორამა” 52 სრულმეტრაჟიანი ფილმი 34 ქვეყნიდან იყო წარდგენილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი