ხელოვნება

საყდრისის მხარდასაჭერი კონცერტი Kung Fu Junkie-ის მონაწილეობით

3 თებერვალი, 2014 •
საყდრისის მხარდასაჭერი კონცერტი Kung Fu Junkie-ის მონაწილეობით

აქცია-კონცერტს სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” მართავს და იგი საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის მხარდაჭერასთან ერთად რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. 

“საყდრისის უძველესი, უნიკალური ოქროს მაღაროს გადარჩენისათვის ბრძოლა გრძელდება. ინვესტორის კომერციული სიხარბისა და სახელმწიფოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აფეთქების წინაშეა. აქედან გამომდინარე, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები საყდრისის დასაცავად მორიგ საპროტესტო აქცია-კონცერტს ვგეგმავთ”,- ამბობენ მწვანე მუშტის წევრები. 

 

მოძრაობის წევრების თქმით, რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკის შედეგად  უკვე წლებია ადამიანის უფლებათა, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინების გარეშე ხდება რესურსების გამოყენება და მათი კერძო მესაკუთრეებისათვის გადაცემა. 

სტუდენტები ეწინააღმდეგებიან ხუდონჰესის პროექტს ზემო სვანეთში, ხევის ჰესების კომპლექსს სტეფანწინდაში, აჭარის ჰესების კომპლექსს, სვანეთის ჰესების კომპლექსს, ასევე, ქალაქებში რეკრეაციული ზონების განადგურებას.

აქცია-კონცერტი დღეს, 17 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. 

 

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი, რომელსაც 2103 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის სალიცენციო ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანია მიიჩნევს, რომ ძეგლს არავითარი კულტრული ღირებულება არ აქვს და ის წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელებაში ხელს უშლის.  

 

საყდრისის მკვლევრები და მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევენ, რომ საყდრისის მაღარო უძველესი ოქროს მომპოვებელი მაღაროა მსოფლიოში. კულტურის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ საყდრისი საკმარისად შესწავლილი არ არის და კვლევა უნდა გაგრძელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი