კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კულტურის მუშაკებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ცვლილება, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა მარტივდებოდა, პარლამენტიდან გამოთხოვილია.
თუმცა შეხვედრის შემდეგ სამინისტრომ განმარტა, რომ კანონის პროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად გამოთხვილი არ არის და ამ საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
“კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და მოლაპარაკებები რამდენიმე უწყებას შორის,”- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში ცვლილების შეტანას.
შეთავაზებული ცვლილების მიხედვით, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა, კანონში უნდა ჩამატებულიყო პირობა- „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“, მთავრობის დადგენილებითა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ობიექტს ჩამოერთმევა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
საკანონმდებლო ინიციატივას დაუპირისპირდნენ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ორგანიზაციები. “ICOMOS საქართველომ” ინიცირებული ცვლილება კულტურული მემკვიდროების დაცვის გაუქმებად მიიჩნია.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის 26 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსებული რედაქციით საკანონმდებლო განხილვები შეჩერებულია. კულტურის მინისტრის დღევანდელი განცხადებით კი, აღნიშნული ცვლილება პარლამენტიდან გამოითხოვეს.




