ხელოვნება

ქართული ნაწარმოებების თარგმანების შესაქმნელად ცალკე უწყება იმუშავებს

21 იანვარი, 2014 • • 1947
ქართული ნაწარმოებების თარგმანების შესაქმნელად ცალკე უწყება იმუშავებს

სამინისტროს “წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის” ხელმძღვანელმა დეა მეტრეველმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ 2013 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით 25-მდე ქართველი ავტორის 13 წიგნის და ერთი ანთოლოგიის თარგმანი გამოიცა.

 

შეერთებულ შტატებში გამოიცა ზურაბ ქარუმიძის “Dagny”, ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი”, ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” და აკა მორჩილაძის “გასეირნება ყარაბაღში”. გერმანულმა გამომცემლობამ გამოსცა ანა კორძაია-სამადაშვილის “მე მარგარიტა”, ჯემალ ქარჩხაძის რომანი “ანტონი და დავითი” შვედურმა გამომცემლობამ გამოსცა.

შვედურ ენაზე ითარგმნა ასევე აკა მორჩილაძის რომანი “ძველი გულებისა და ხმლისა” და ქართული მოთხრობების ანთოლოგია. იტალიურად და ჰოლანდიურად ითარგმნა დავით ტურაშვილის “ჯინსების თაობა”. ბესო ხვედელიძის “ფერფლის გემოს” გერმანულენოვანი მკითხველი წაიკითხავს.

 

საფრანგეთში- ზაზა ბურჭულაძის “გასაბერი ანგელოზი”, უნგრეთში გამოიცა ჰაინალკა ბაბირაკის “კავკასიური საქართველო”, დიდი ბრიტანეთში გამოიცა ოთარ ჭილაძის “აველემის” ინგლისურენოვანო თარგმანი.

 

დეა მეტრეველი ამბობს, რომ 2014 წლისთვის ორჯერ მეტი განაცხადია შემოსული და იმედოვნებს, რომ თარგმანების რაოდებობა გასამმაგდება.

 

დეას სურვილს შეუერთდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, რომელმაც სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს სამინისტროს დაფინანსებით წელიწადში 40 წიგნი მაინც ითარგმნოს და გამოიცეს საზღვარგარეთის ქვეყნებში.

 

“2013-14 წლებში გამოიცემა 40 ახალი წიგნი. მანამდე გამოცემული გვქონდა 20 ახალი წიგნი. ასე რომ, 60 ახალი თარგმანით შევხვდებით 2015 წელს. დადგეგმილი გვაქვს, რომ 40 ახალი წიგნი მაინც გამოვცეთ ყოველ წელს. გვაქვს მოლაპარაკებები სხვადახვა გამომცემლებთან,”- განაცხადა მინისტრმა.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო უცხოურ გამომცემლობებს ავტორების ნუსხას წარუდგენს, საიდანაც ისინი მათთვის სასურველ ტექსტსა და ავტორს არჩევენ.

 

“[წარვუდგენთ] თითქმის ყველას ვინც არსებობს, ისინი პატარა ეპიზოდებს თარგმნიან და მერე ისინი ირჩევენ რომელი მწერალი გამოსცენ”,- თქვა მანანა ბერიკაშვილმა

 

როგორც დეა მეტრეველმა გაგვიმხილა, უცხოელი ავტორები უპირატესობას პროზას ანიჭებენ, თუმცა მიმდინარე წელს სომხურმა და იტალიურმა გამომცემლობამ სურვილი გამოთქვეს, რომ ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოსცენ.

 

“კულტურის სამინისტრო თავისუფლების ერთგვარი ხარისხს აძლევს უცხოურ გამომცემლობებს, რომ თავად შეარჩიონ ესა თუ ის ავტორი და რომანი. ისინი ქართულ რომანებს თავად არჩევენ და ჩვენ მოგვმართავენ, რომ თარგმანის ხარჯი დავუფინანსოთ,’- ამობბოს დეა.

 

კულტურის სამინისტრო თარგმანის ხარჯს აფინანსებს, ხოლო გამომცემლობები უცხოურ ბაზარზე წიგნის გატანასა და უცხოელ მკითხველთან მწერლების შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ.

 

დეა მეტრეველის განმარტებით, მთავარი კრიტერიუმი არის უცხოური გამომცემლობის სანდოობა.

 

“ამ ეტაპზე ვხელმძღვანელობთ უცხოური გამომცემლობის მნიშვნელოვნებით. ვამოწმებთ, რამდენად სერიოზული გამომცემლობაა თუ არა, რა ტიპის გამოცემები აქვს მას განხორციელებული. თუ შეძლებს წიგნის გამოცემას და ამ წიგნის სადისტრიბუციო ქსელში ჩაშვებას, რომ წიგნი მივიდეს მკითხველამდე და არ დარჩეს თაროზე.”

 

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ გამომცემლობები და ავტორები ერთმანეთს კულტურის სამინისტროსგან დამოუკიდებლად უკავშირდებიან.

 

ანა კორძაია-სამადაშვილს უცხოურ გამომცემლობებთან დასაკავშირებლად საკუთარი აგენტი ეხმარება, რომელიც მის ინეტერსებს იცავს გერმანიასა და მთელს მსოფლიოში.

 

“ამაზე კარგი დიდი ხანია არაფერი შემმთხვევია. უზარმაზრი ბაზარია და ამ ბაზარზე გასვლა ჩემთვის სიხარულის გარდა დიდი იმედის მომცემია”, – გვითხრა მწერალმა.

 

მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ უცხოელ გამომცემლობებთან დაკავშირება ძალიან რთული პროცესია. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო და ქართული გამომცემლობები ერთობლივად აგზავნიან ტექსტების სინოფსისს, ავტორის მონაცემთა ბაზას, რის შემდეგაც ისინი არჩვეენ სასურველ ავტორს.

 

“როდესაც გამომცემელი არ იცნობს ქვეყანას, არ იცნობს ლიტერატურას, ამ დროს დამხმარე კომპონენტია სახელმწიფო, რომელსაც აინტერესებს ლიტერატურის პროპაგანდა და ამ პროპაგანდისთვის ფულის ნაწილს დებს. უმეტესი წილი ფინანსებისა მოდის თარგმანზე. კარგი თარგმანი მით უფრო ძვირი ღირს”,- ამბობს ბუღაძე.  

 

ლაშა ბუღაძე სამ მთარგმნელთან თანამშრომლობს, რადგან ძალიან რთულია კარგი მთარგმნელის პოვნა. მას გერმანიაში ჰყავს აგენტი, თუმცა იქ, სადაც არ ჰყავთ, აგენტის ფუნქციას იღებს ქართველი გამომცემელი, იმ შემთხვვეაში, თუ გამომცემლობა საავტორო უფლებას ფლობს.

 

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ ერთ კვირაში წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის მიმართულება სამინისტროს გამოეყოფა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

 

“საჯარო სამართლის იურიდულ პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად მოიძიოს თანხები. გარდა ამისა, ყველა წიგნის ბაზრობის მოთხოვნაა, რომ მთარგმნელობითი კუთხით ცალკე ორგანიზაცია მუშაობდეს. ამიტომ მთელი წელი ვამზადებდით ამ პროექტს,’- ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

მანანა ბერიკაშილი განმარტავს, რომ კულტურის სამინისტრო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობისთვის ემზადება, რაშიც დიდ დახმარებას მათ ბრიტანეთის საელჩო უწევს. ხოლო ამის შემდეგ, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება.

 

მანანა ბერიკაშვილი იმედოვნებს, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაცია დეა მეტრეველის ხელმძღვანელობით წიგნის ბაზრობებში მონაწილეობისთვის სათანადოდ მომზადებას შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი