კაპელის წევრები დღეს შეიკრიბნენ და კულტურის სამინისტროს თხოვნით მიმართეს. კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ამბობს, იმისთვის, რომ კაპელა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გარდაიქმნას, მათ სამინისტროში განცხადება უნდა შეიტანონ.
საგუნდო კაპელას სამინისტრომ 100 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა კაპელის წევრები დარწმუნებული არ არიან, რომ მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობა, რომლის შემადგენლობაშიც კაპელა შედის, მისი წევრებს ხელფასებს გაუზრდის.
“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა ვთხოვოთ კულტურის სამინისტროს ჩვენი სსიპ-ად გარდაქმნის სამუშაოები დაიწყოს ჩვენთან დიალოგში. გვაინტერესებს, როგორ ესახებათ მათ ჩვენთან ურთიერთობა”,- ამბობს კაპელის მთავარი დირიჟორი არჩილ უშვერიძე.
კაპელის წევრების განცხადებით, რვა წელია მათი ხელფასი 200 ლარს არ აღემატება. მათ გასული წლის ნოემბერში პროტესტი გამოთქვეს და მუსიკალური ცენტრის დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. სამინისტრო მათ დაპირდა, რომ მომავალი წლიდან მათ ხელფასს გაუზრდიდნენ.
“ჩვენი პრეტენზიები ამ ეტაპზე, ისე როგორც პროტესტის თავში, არის მიმართული მუსიკალური ცენტრისკენ და არა კულტურის სამინისტროსკენ. ხმა მივაწვდინოთ ძალიან დაღლილებმა, უკვე ამდენ ლოდინში მთავრობის მაღალ ეშელონებში, ვისაც ხელეწიფებათ მისი დამტკიცება. დროულად შემოედინება მუსკალურ ცენტრში, თორემ გამოდის, რომ მათი დაპირება ისევ ვერ სრულდება”,- ამბობს კაპელის მენეჯერი შიო აბრახამია.
კულტურის მინსიტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია კაპელის წევრები ჩამოყალიბდნენ.
“თუ ბიუჯეტი არ დამტკიცდა, ამ 100 ათასს როგორ მოიხმარენ ხელფასებში. კაპელა უნდა ჩამოყალიბდეს, ჩვენ უნდა მივეხმაროთ და გავარკვიოთ, გადიან სსიპ-ად თუ რჩებიან, ბიუჯეტი რომ დავამტკიცოთ. ჩვენ კიდევ მეტ გაზრდას ვფიქრობთ ხელფასებისას”,- ამბობს მანანა ბერიკაშვილი.