ხელოვნება

“აღმაშენებელზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადგილას სასტუმროს აშენება გაუმართლებელია”

27 დეკემბერი, 2013 •
“აღმაშენებელზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადგილას სასტუმროს აშენება გაუმართლებელია”

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს დაკვეთით აღმაშენებლის გამზირის 58 და 60 ნომერში მდებარე შენობების მდგომარეობა შეისწავლა.

 

დოკუმენტში, რომელიც “ნეტგაზეთმა” კულტურის სამინისტროსგან გამოითხოვა, აღნიშნულია, რომ აღმაშენებლის გამზირის ამ მონაკვეთის განაშენიანება, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში შეიქმნა, ძველი თბილისის მეორე მთავარ არტერიას წარმოადგენდა.

 

კვლევის დოკუმენტის მიხედვით, შენობებს სრულად აქვთ შენარჩუნებული ისტორიული და კულტურული ღირებულება, რის გამოც აღმოჩნდნენ ისინი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

 

ორივე შენობა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომლებიც ადრე სამედიცინო დაწესებულების ფუნქციასაც ასრულებდა.

აღმაშენებლის გამზირი #60
აღმაშენებლის გამზირი #60

ამჟამად მარცხენა შენობაში საბავშვო თეატრია განთავსებული. ამ ნაგებობს შორის მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს მთავარი კორპუსი მდებარეობს. მკვლევარის აზრით, აღნიშნული შენობები საავადმყოფოს შენობასთან ერთად ერთიან ანსამბლს ქმნის.

 

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს შენობები წარმოადგენდა მიხეილის საავადმყოფოს შემადგენელ ნაგებობებს და შემორჩენილია იმ დროის სამშენებლო ოსტატობის მეთოდი.

 

კვლევის მიხედვით, შენობების ფასადებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი სახე. ზოგან დაზიანებულია შელესილობა და ხის ელემენტები. ნაგებობების ეზოს ფასადების სახე შეუსაბამო გადაკეთებებითაა შელახული.

 

ცენტრის მკვლევრებმა ისტორიულ რუკებთან შედარებით დაადგინეს, რომ უბანს შენარჩუნებული აქვს დამახასიათებელი გეგმარებითი ხასიათი და სტილი – “ორი სამსართულიანი და განაშენიანების მშვიდი რიტმი და ფსევდოკლასიცისტური სტილის ფასადები”.

 

საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მემკვიდრეობის ძეგლს სტატუსი იმ შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას, თუ “ისე დაზიანდა, განადგურდა ან დაზიანდა ისე, რომ დაკარგა უძრავი ძეგლის ნიშნები და ძეგლის აღდგენა შეუძლებელია”. 

 

ჩუბინაშვილის ცენტრი მიმართავს სამინისტროს, რომ ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნას იმსახურებენ და გაუმართლებელია მათ ადგილას სასტუმროს, კაზინოს ან სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართა, რომ აღმაშენებლის გამზირის 58 და 60 ნომრებში მდებარე შენობებისთვის სტატუსის მოეხსნა, რათა ამ ორი შენობისა და მიხეილის საავადმყოფოს ადგილას ინვესტორმა სასტუმო ააშენოს.

 

სასტუროს ან სხვა ტიპის ნაგებობის აშენება აღნიშნულ ადგილას შეუძლებელია, რადგან ამ ადგილას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მდებარეობს. საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის სამინისტრომ კანონპროექტი შეიტანა. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, “განსაკუთრებული საჭიროების” არსებობის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის ჩამორთმევა შესაძლებელი იქნება, მაშინაც, თუ მას აუთენტურობა არ დაუკარგავს. 

აღმაშენებლის გამზირი #58
აღმაშენებლის გამზირი #58


კანონპროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რის გამოც მისი განხილვა პარლამენტში შეჩერდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორებსა და მის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რატა კომპრომისული ვარიანტი შეიმუშაონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი