ხელოვნება

300 ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია

27 დეკემბერი, 2013 •
300 ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით, განხორციელდა საქართველოს 8 მუზეუმის – კასპის, ხაშურის, ონისა და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების, თელავისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმების, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის 300 ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგებისა და მაგისტრანტების მიერ განხორციელდა.


პროექტის მნიშვნელობაზე  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა ისაუბრა:


“ამ პროექტმა მოგვცა საშუალება არაერთი მოძრავი ძეგლი აღგვედგინა და სამომავლოდ უფრო მეტად გავაცნობიერებთ მის როლსა და მნიშვნელობას. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ამ პროექტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დატვირთვაც, რადგან პროცესში ჩართული იყვნენ სტუდენტები, რომლებისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყო ხელი.”


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც:


“ამ ეტაპზე პროექტმა მოიცვა რეგიონების მუზეუმების ნაწილი, მაგრამ სამომავლოდ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და არა მხოლოდ მოძრავი, არამედ უძრავი ძეგლების რესტავრაციასაც განვახორციელებთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის კულტურის წარმოჩენისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვისაც და ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს როგორც სამინისტრო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობებიც.”

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი