როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, ოქროს დამუშავების ეს სახეობა დასაბამს II საუკუნიდან იღებს და გავრცელებული იყო საქართველოსა და ბიზანტიაში. მოგვიანებით, XI საუკუნეში კი კიევის რუსეთში ვრცელდება, მაგრამ XV საუკუნის შემდეგ ტიხროვანი მინანქრის დამზადების ტექნოლოგია იკარგება და ამ ტექნიკით შესრულებული ნივთები აღარ გვხვდება. პროექტის ხელმძღვანელი ერმილე მაღრაძე ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის:
’’ამ პერიოდში აღარ არსებობდა ამ ტექნოლოგიის მომხმარებელი, რადგან ის მოდიდან გავიდა. ევროპიდან გავრცელდა უფრო დახვეწილი ტექნოლოგიებით შესრულებული ნივთები და მომხმარებელიც მას ანიჭებდა უპირატესობას. ტიხრული მინანქრის შესრულების მეთოდი კი დეფექტებს შეიცავდა.’’
პროექტის, „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ’’ ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივითა და „UNESCO”-ს მხარდაჭერით განხორციელდა, მოხდა უძველეს ტექნოლოგიურ პროცესთა შესწავლა და ყველა იმ ხელსაწყოს აღდგენა, რომელიც შუა საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის დამამზადებელი სახელოსნოებისათვის უნდა ყოფილიყო საჭირო.
გამოფენაზე წარმოდგენილია XI-XII საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის „სახელოსნო”, ანტიკური პერიოდის მოსამინანქრებელი „კოლხური ხუფი” და პროექტის ფარგლებში დამზადებული ხახულის ღვთისმშობლის კარედის ხატის წმინდა სიმეონ მოციქულის ტიხროვანი მინანქრის მედალიონის ასლი.
გამოფენა გაიხსნა ფილმის ჩვენებით, რომელიც ზემოთ ხსენებული პროცესების ამსახველ დოკუმენტურ მასალას წარმოადგენდა.
გამოფენა 2014 წლის 30 მარტამდე გაგრძელდება.