თბილისის მერიის ინფორმაციით, ტიბო კოვენის კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე შეასრულებს მისი საყვარელი კომპოზიტორის, დომინიკო სკარლატის ნაწარმოებებს, რომელსაც კოვენის მეექვსე ალბომი ეძღვნება.
კონცერტის პროგრამაში სკარლატის კომპოზიციების (სონატა K1, სონატა K32, სონატა K149) გარდა შედის Take the A train, Felicidade, კიოტო: A Young Sprout (მინორუ მიკი), კალკუტა: Raga du soir (სებასტიენ ვაჩეზი), სტამბული: Koyunbaba (კარლო დომენიკონი).
ტიბო კოვენი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 1984 წელს დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. იგი 6 წლიდან მამამისთან ერთად უკრავდა, წერია მის ოფიციალურ ვებგვერდზე. პარიზისა და ბორდოს კონსერვატორიების დამთავრების შემდეგ მან არაერთ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 20 წლის ასაკში 13 საერთაშრისო კონკურსის ჯილდოების მფლობელი იყო.
ტიბო კოვენი ბორდოს მუნიციპალიტეტმა “ბორდოს ელჩად” დაასახელა, რომელმაც მსოფლიოს უნდა გააცნოს მისი მშობლიური ქალაქი. მას მსოფლიოს მასშტაბით 1000 კონცერტი აქვს მოწყობილი. კოვენს კონცერტები გაუმართავს სან პაოლოში, სტამბულში, სინგაპურში, თელ-ავივში, მელბურნში, ლონდონში, ნიუ იორკსა და ჰონგ კონგში.