საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილის, სოფიო ჯობავას თქმით, პროექტის მიზანი ისაა, რომ მომხმარებლების მოთხოვნილი ინფორმაცია არქივის თანამშრომლებმა უფრო სწრაფად მოიძიონ.
სოფო ჯობავას განმარტავს, რომ მოთხოვნის ფორმა რჩება უცვლელი- მოქალაქე იუსიტიციის სახლიდან ავსებს სპეციიალურ ფორმას. ელექტრონული კატალოგი მხოლოდ ეროვნული არქივის თანამშრომლების საქმიანობას შეუწყობს ხელს.
“თუ ადრე ხელით უნდა გეფურცლა და მოგეძებნა საჯარო ინფორმაცია, ახლა ძებნის სისტემა არის ძალიან მრავალფეროვანი და მოსახერხებელი,”- ამბობს სოფიო ჯობავა.
ეროვნული არქივის მასალების გაციფრულება 2012 წლის ივნისიდან დაიწყო. ამის შედეგ შემუშავდა პროგრამა ელექტრონული კატალოგისთვის, რომელშიც გაციფრულებული მასალები განთავსდება. სოფიო ჯობავას თქმით, ელექტრონულ კატალოგში 20 000 საქმის ანოტაცია და 34 ათასი გვერდის ციფრული ასლია გაერთიანებული.
ფაილების ელექტრონული ვარიანტების შექმნა გრძელდება. 1 მილიონი გვერდის ასლი უკვე დასკანერებულია და პერიოდულად დაემატება ელექტრონულ კატალოგს.
ჯობავას თქმით, პროექტის დასრულების თარიღი იმ ფაილების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელთა გაციფრულება უნდა მოხდეს. ზოგიერთი საქმე კი რამდენიმე ათეულ ფურცელს შეიცავს. ეროვნული არქივი პროექტის პრეზენტაციას დღეს მართავს.
“შეიძლება ითქვას, რომ ეს მუდმივი პროცესია. ყველაფერი უნდა გაციფრულდეს, რაც ჩვენთან არის დაცული და მერე ამ პროგრამაში განთავსდეს. არქივში ახლა შემოდის მასალები დასაცავად და პარალელურად ახალი შემოსული მასალაც ანალოგიური წესით განთავსდება კატალოგში.”
ჯობავა ამბობს, რომ უპირატესობა ენიჭება ისტორიულ საბუთებს და იმ დოკუმენტებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ითხოვენ. ისტორიულ დოკუმენტებს უპირატესობა მიენიჭა, რადგან სასურველი არაა, რომ ხშირად ეხებოდეს ადამიანის ხელი, ხოლო ყველაზე ხშირად მოთხოვნილ დოკუმენტებს შორის დაბადების, ქორწინების დამადასტურებელი საბუთებია.