საქართველოში ერთი დღით სტუმრად მყოფ ფრანგ მსახიობს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა. თუმცა კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ თეატრის სცენიდან აუდიტორიას აუწყა, რომ არდანმა ვინმესთვის რამეს სწავლება არ ისურვა და არჩია მასთან შესახვედრად მისულ ადამიანებთან უბრალოდ ესაუბრა. თავად არდანმა აუდიტორიის კითხვებზე პასუხის გაცემისას განმარტა, რომ კითხვას „რატომ?“ პასუხს ვერ სცემს, ურჩევნია ისაუბროს იმაზე, თუ “როგორ.”

 

ამიტომ მსახიობმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რატომ ისურვა საქართველოში ჩამოსვლა და თავისი მხატვრული ფილმის „აკვიატებული რითმები“ პრემიერის მოწყობა კინოთეატრ რუსთაველში, სადაც შესვლა მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა.

 

„როცა ვფიქრობთ, რატომ გვიყვარს ადამიანები, მიზეზები უცნობია, როცა არ გვიყვარს-მიზეზები ნათელია“- თქვა მსახიობმა.

 

ფანი არდანმა გაისხენა, თუ როგორ გაიგო პირველად საქართველოს შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როცა მედეას როლს განასახიერებდა თეატრის სცენაზე. 

 

მედეაზე საუბრისას არდანს მარია კალასი გაახსენეს, საოპერო მომღერალი, რომელმაც თავადაც შეასრულა მედეას როლი პიერ პაოლო პაზოლინის ამავე სახელწოდების ფილმში, ხოლო არდანმა კალასის როლი შეასრულა ფრანკო ძეფირელის ფილმში „კალასი სამუდამოდ.“ არდანმა მსახოიბმა, რომ პაზოლინის ფილმში მედეა უფრო მეტად იყო მითიური და მისტიკური პერსონაჟი, როგორც მზის შვილი, მკურნალი ქალი, რომელიც მარია კალასის გამოხედვის „წყალობით“ შეიქმნა.

 

რაც შეეხება კალასის როლს, არდანისთვის ეს როლი საპასუხიმგებლო იმით იყო, რომ უნდა განესახიერებინა “რეალური პიროვნება, ხოლო ის ფაქტი, რომ ძეფირელი თავად იცნობდა კალასს, იმედს აძლევდა, რომ გადაღებების დროს რეჟისორი დაეხმარებოდა. არდანმა გაიხსენა, რომ ძეფირელის არ ესმოდა, კალასს რომ ონასისი უყვარდა, ეს ის საკითხი იყო, რაზეც ყველაზე მეტს კამათობდნენ.

 

არდანის თქმით, ფილმის სცენარი მისთვის ორი რამით იყო საინტერესო, რაც კალასის ბიოგრაფიამ განსაზღვრა: ძეფირელის ფილმი იყო უდიდეს ხელოვანზე, რომელმაც უკანასკნელი წლები თავის ბინაში გამოკეტილმა გაატარა, თითქოს კალასმა შეწყვიტა ხელოვნებაში სრულყოფილების ძიება და მის წინ ყველა კარი დაიკეტა.

 

„როგორი სუსტი შეიძლება იყოს ადამიანი, რომ ერთ დღეს დაგივიწყებენ,“- განაცხადა არდანმა.

  

არდანმა პუბლიკის შეკითხვას, რომელია მისთვის ყველაზე გამორჩეული როლი, უპასუხა, რომ ძნელია რომელიმეს გამორჩევა. მისთვის ყველა როლი შეიძლება იყოს საყვარელი, მათ შორის „სამშობლოს მოღალატისაც“ კი, თუკი იგი სცენარის წაკითხვის შემდეგ მოეწონება.

 

მსახიობმა მაინც გაიხსენა ფრანსუა ტრიუფოს ფილმში „მეზობელი ქალი“  შესრულებული როლი, რაც მისთვის იყო ერთგვარი ანდერძი, რომ ერთადერთი, რის გამოც შესაძლოა თავი გაწიროს ადამიანმა, არის სიყვარული.

 

„ეს არის ის, რისიც მჯეროდა ახალგაზრობაში და რისიც მჯერა ახლაც,“- თქვა არდანმა.

 

შეხვედრის ბოლოს, რომელიც ერთი საათს გაგრძელდა, პუბლიკიდან შეკითხვა გაისმა: წარმატებული კარიერის მქონე მსახიობი იყო თუ არა ახლა ბედნიერი? მცირე პაუზის შემდეგ არდანმა უპასუხა:

 

„ჩემს ცხვორებაში იყო დიდი ბედნიერების მომენტები და ამის გამო შემიძლია ავიტანო დიდი უბედურების მომენტებიც.“

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *