„კაპიტალისტურ მიდგომებს არ გააჩნიათ არანაირი რეგულაცია ისტორიული ძეგლების გაფრთხილების და მოვლის. ამას ემატება წინა წლების გამოცდილება, საბჭოთა კავშირის უხეში და სავალალო მიდგომები შენობებისადმი. ამ ორმა ფაქტორმა კატასტროფამდე მიგვიყვანა. მოსკოვში ბოლო 10 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი შენობა დაანგრიეს და აქედან 200-ს მაინც ჰქონდა ისტორიული დატვირთვა“, – განაცხადა კლემენტინ სესილიმ.
მან ლექციის ბოლოს თბილისზეც ისაუბრა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ აქვს სიღრმისეული ცოდნა ამ ქალაქის პრობლემებზე. იგი მთავარ პრობლემად პოლიტიზებულ გარემოს ასახელებს. მისი თქმით, შენობების რესტავრაცია, მემკვიდრეობის გადაცემა, სტატუსის მინიჭება ან მოხსნა ქაოტურად ხდება და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.
“ძალიან მნიშვნელოვანი ლექციაა იმიტომ, რომ როდესაც საქმე ეხება იერსახის შენარჩუნებას, კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას და რესტავრირებას, ჩვენთან არ არსებობს არავითარი გრძელვადიანი სტრატეგია. შენობების სტატუსის ჩამორთმევა და გაყიდვა ხდება სტიქიურად. რეალურად, არც არის დღეს აღრიცხული ის შენობები, რომლების დაიკარგა”, – განაცხადა არქიტექტორმა მარინა სოლომონიშვილმა.
“მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაშია. თუ ადამიანს არ ესმის იმ შენობის ისტორიული მნიშვნელობა, რომელშიც ცხოვრობს, რთულია მას სხვა გარეშე ხალხმა რამე მოუხერხოს”, – ამბობს ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივერ რაისნერი.
მერაბ ბოჭოიძის, ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო და სხვა ქვეყნების მაგალითები საქართველოს ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.
კლემენტინ სესილის ვიზიტი თბილისში ICOMOS საქართველოს ვორქშოპის ფარგლებში შედგა. ICOMOS საქართველოს საჯარო ლექციები და ვორქშოპი ორი დღის განმავლობაში, 15 – 16 ოქტომბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ხორციელდება.




