„იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების კომიტეტის სესია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2-9 დეკემბერს გაიმართება.
ერთ-ერთი განსახილველი საკითხი “ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდია”, რომლის ნომინაციის დოკუმენტი, დანართებითურთ, საქართველომ 2013 წლის 31 მარტს გააგზავნა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო მეღვინეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მუშაობდა.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის, რუსუდან მირზიკაშვილის თქმით, ნომინაციის დოკუმენტის მომზადებაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული და დაინტერესებული.
რუსუდან მირზიკაშვილი აღნიშნავს, რომ 2003 წელს შექმნილი იუნესკოს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების შესახებ სწორედ საზოგადოებიდან წამოსულ იმპულსებსა და ინიციატივებს ეყრდნობა.
„ასე ვთქვათ, ქვემოდან ზემოთ წამოსული ინიციატივების შედეგად ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. საზოგადოების მხრიდან გაზრდილი ინტერესი იყო ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ სახელმწიფოსაც წამოეყენებინა ეს თემა,“- განმარტა რუსუდან მირზიკაშვილმა.
მირზიკაშვილის თქმით, ნომინაციის დოკუმენტის ძირითადი ნაწილი არის ტექსტი, რომელიც ექსპერტების მონაწილეობით შედგა. მას თან ახლავს მერაბ კოკოჩაშვილის ათწუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს.
„ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 2012 წლის იანვარში კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რის გარეშეც იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენა შეუძლებელი იქნებოდა.
რუსუდან მირზიკაშვილის განმარტებით, ნომინაციის დოკუმენტი მოიცავს სამოქმედო გეგმას, რომელსაც წარადგენს ქვეყანა და რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელი თავად არის.
„ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო აღიარება, თუკი ეს მართლაც ასე იქნება, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კონკრეტულად ქვევრში დაყენების, ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით და შესაძლოა ეს მომენტი ძალიან კარგად იქნას გამოყენებული ტურიზმისთვის, ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამებისთვის,“- განაცხადა რუსუდან მირზიკაშვილმა.




