კონფერენცია “კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის – თანამედროვე ტენდენციები და ახლებური მიდგომა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის” სასტუმრო “რედისონში” კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნა.
კონფერენციის მთავარი თემა არის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კულტურის, სოციალური და ეკონომიკური სფეროს ურთიერთკავშირების ჩამოყალიბება, გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის.
ოდიშარიას თქმით, ტერმინი “კულტურის ეკონომიკა” ახალი ცნებაა კულტურის სფეროში და იგი საქართველოსთვის ჯერ უცხოა.
“კონფერენცია არის კულტურისა და ეკონომიკის სიმბიოზზე მსჯელობა,”- განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ კულტურის ძეგლები მოსავლელია და მათ “სხვანაირი პოპულარიზაცია სჭირდება.”
გურამ ოდიშარიას თქმით, კონფერენცია ნაწილია სამინისტროს მიერ კულტურის სფეროს ახლებური გააზრების პოლიტიკისა, რომელზეც საერთაშრისო და ადგილობრივი სპეციალისტების ცოდნის გაცვლა-გამოცვლით სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებისათვის ახლებურ მიდგომას დაამუშავებენ.
კულტურის პოლიტიკაზე საუბარი გააგრძელა კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა მომხსენებელმა ედნა დოს სანტოს-დუისენბერგმა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა, რომელიც 2004-2012 წლებში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კომიტეტის “შემოქმედებითი ეკონომიკის პროგრამას” ხელმძღვანელობდა.

დოს სანტოს-დუისენბერგის თქმით, ტერმინს “creative economy” (რასაც კულტურის სამინისტრო “კულტურის ეკონომიკას” უწოდებს) ათი წლის ისტორია აქვს. “კრეატიული ეკონომიკის” არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის კულტურული პოტენციალი, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ, გადაიქცეს ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ზრდის წყაროდ.
ედნა დოს სანტოს-დუისენბერგის წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, “კრეატიული ეკონომიკისთვის” საინტერესო ხელოვნების, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მიმდინარეობები შეიძლება იყოს: არქიტექტურა, მხატვრობა, არქეოლოგური და კულტურული ძეგლები, არქეოლოგიური ძეგლებით მდიდარი პეიზაჟები, დიზაინი, მოდა, კულინარია და ქართული სუფრაც კი.
იმისათვის, რომ კრეატიული ეკონომიკა განვითარდეს, საჭიროა მთელი მთავრობის შეთანხმებული მოქმედება და კულტურის პოლიტიკის შემუშავება. დოს დუისენბერგის თქმით, განსაკუთრებული მნიშნელობა კულტურის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტურქტურის სამინისტროებს ენიჭებათ.
“გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ვერ აცნობიერებენ, მაშინ, როცა მათ დიდი კულტურული მრავალფეროვნება ახასიათებთ,” – განაცახადა ედნა დოს სანტოს-დუისენბერგმა.
მისი თქმით, საჭიროა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ შეიქმნას ახალი წიგნები, ფილმები, ნახატები, ვიდეოთამაშები, რომლებიც ერთგვარ ბრენდებად იქცევა და საზღვარგარეთ მათი “გაყიდვა” შესაძლებელი გახდება.
დარაბაზიდან დასმულ შეკითხვას, “რა შეიძლება იქცეს ბრენდად საქართველოდან,” ედნა დუისენბერგმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. მისი თქმით, ყოველმა ქვეყანამ იმით უნდა მიიქციოს ყურადღება, რაც მას განუმეორებელს ხდის.
ედნა დუისენბერგის თქმით, კავკასია ევრაზიის გზაჯვარედინს წარმოადგენს და გეოპოლიტიკური მდებარეობა რეგიონის კულტურულ სიმდიდრეს უწყობს ხელს. საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა ამ მხრივ, რადგან მისი ისტორია მდიდარია ისტორიული და არქეოლოგიური მასალით.

დუისენდორფის პრეზენტაციაში შემოქმედებითი კავშირის როლს სახელმწიფო ასრულებს, რომელმაც უნდა უზრუნველჰყოს “იტელექტუალური კაპიტალის” დაგროვება და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის განათლების დაფინანსებას, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
კონფერენციის გახსნას ევროკავშირის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების ელჩები საქართველოში- ფილიპ დიმიტროვი, აზერ ჰუსეინი და ჰოვანეს მანუკიანი ესწრებოდნენ, თბილისის მერის მოადგილესთან, სევდია უგრეხელიძესთან ერთად.
კონფერენციის ფარგლებში სასტუმრო რედისონის დარბაზში ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა, რომლებიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არის დამზადებული. გამოფენაზე 69 მონაწილის 200-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
პროექტის თანაორგანიზატორის, ირინა მანიას თქმით, წარმოდგენილ ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები მილანის გამოფენაზე თავიანთი ქვეყნის სახელით გაემგზავრებიან.
“მთავარი არსი იყო, რომ შეგვერჩია ბაზარზე ორიენტირებული გაყიდვადი პროდუქტი, რომელიც თან იქნებოდა ტრადიცული, თან ინოვაციური,”- განაცხადა ირინა მანიამ.




