ხელოვნება

ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა [ვიდეო/ფოტო]

23 სექტემბერი, 2013 •
ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა [ვიდეო/ფოტო]

“თოვლის მოსვლამდე” ერაყელი რეჟისორის, ჰიშამ ზამანის მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 2013 წელს ნორვეგიის, ერაყისა და გერმანიის კოპროდუქციით გადაიღეს.

 

ჰიშამ ზანამი ერაყის ქურთისტანში 1975 წელს დაიბადა, უმაღლესი განათლება ლილეჰამერში, ნორვეგიის კინოსკოლაში მიიღო. “თოვლის მოსვლამდე” რეჟისორის პირველი ნამუშევარი არ არის- 2005 წელს გადაიღო ფილმი “მამა”, ხოლო 2007 წელს  – “ზამთრის ქვეყანა”. 2009 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სხვები” შექმნა.

 

ჰიშამ ზამანს ევროპაში მცხოვრები ქურთების ისტორიები აინტერესებს. გამარჯვებული ფილმი “თოვლის მოსვლამდე” იმ ქურთი ბიჭის შესახებ მოგვითრობს, რომელიც ევროპაში გაქცეული დის მოსაკლავად სტამბოლში მიემგზავრება, რათა ოჯახი სირცხვილისგან ისხნას.

 

16 წლის სიარის დამ თავის შეყვარებულთან ერთად გაპარვა არჩია აღას ცოლობას. სიარს მამა მოუკვდა და ოჯახის უფროსობა იტვირთა. ამიტომაც თავს ვალდებულად თვლის, რომ დის მოკვლით ოჯახის სირცხვილი გამოისყიდოს.

 

სიარი არალეგალურად კვეთს საზღვარს და სტამბოლში ჩადის, რაშიც მას თურქეთში მცხოვრები ქურთები ეხმარებიან. იქ მას სიყვარული ეწვევა, რაც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

 

ჟიურის სპეციალური პრიზი ბრიტანელ რეჟისორს, ჯონი ბერინგტონს გადაეცა. ბერინგტონი 1977 წელს ინვერნესში დაიბადა. განათლება გლაზგოს ხელოვნების სკოლასა და გოტებორგის ფოტოგრაფიის სკოლაში მიიღო.

 

ბერინგტონი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმით “აურზაური” იყო წარდგენილი. ფილმის სინოფსისი ამგვარია: ნორვეგიული ტომის მეომრები ბრძოლის შემდეგ უნაყოფო მიწაზე დახეტიალობენ. ჯარის მეთაურა, რომელიც სასიკვდილოდ არის დაჭრილი, სურს, რომ თავის შვილს გადაულოცოს ხელმძღვანელობა. ამ დროს მათ სხვა ტომის მეომრები თავს დაესხმიან. რადგან თავად რეჟისორი ბათუმში არ ჩამოსულა, მისი სახელით პრიზი ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა საქართველოში ზაზა ფურცელაძემ მიიღო.  

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმად პოლონელი რეჟისორის, პიოტრ სულკოვსკის ფილმი “მირუნა” დასახელდა. ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელსაც კონფლიქტი აქვს თავის საყვარელთან. კონფლიქტის შემდეგ იგი დაუფიქრებლად ჯდება უცნობი მამაკაცის მანქანაში, მათი უცაბედი შეხვედრა კი ფატალურად სრულდება.

 

საზაფხულო თეატრის სცენაზე ასულმა თინათინ გურჩიანმა, დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიურის წევრმა, განმარტა, რომ დოკუმენტური ფილმის სექციაში ჟიურიმ ორი ფილმი გამოარჩია, ამათგან ერთს „ჟიურის მოხსენება“, მეორეს კი ფესტივალის პრიზი ერგო.

 

“ჟიურის მოხსენიება” ებრაულ-პალესტინურ-ფრანგულ ფილმს “5 გატეხილი კამერა” ხვდა წილად. ფილმი სანდენსის კინოფესტივალზე 2012 წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს.  ფილმი ებრაელი გი დავიდის და პალესტინელი ემად ბურნათის ნამუშევარია. მასში აღწერილია პალესტინის სოფელ ბილინში ისრაელის არმიის იერიში და პალესტინელების მშვიდობიანი წინააღმდეგობა. გურჩიანის თქმით, “5 გატეხილი კამერა” არის მნიშვნელოვანი ფილმი და ჟიურის არ სურდა, რომ ფილმი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო.

 

ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის განკუთვნილი პრიზი ფილმს “მკვლელობის აქტი” ერგო. ფილმის რეჟისორები ჯოშუა ოფენმაიერი და კრისტინ სინი არიან. ოპენმაიერმა ათ წელიწადზე მეტი იმუშავა პოლიციასთან, სიკვდილის ბრიგადებთან და მათ მსხვერპლებთან. ფილმის თანარეჟისორი კრისტინ სინი 14 წელი მუშაობდა დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმებზე.

 

ბერლინის 2013 წლის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზის მფლობელი ფილმი ინდონეზიის ერთ-ერთი რთულ პერიოდს ეხება. ქილერები კომუნისტების, ეთნიკური ჩინელებისა და ინტელექტუალებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების წევრები ხდებიან და სიამაყით ჩადიან დანაშაულს. დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერი ანვარ კონგო ყვება თავისი სინანულის შესახებ, რომელსაც ის განიცდის ჩადენილი დანაშაულების შემდეგ.

 

მხატვრული ფილმისთვის ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო ფილმს “შეავსე სიცარიელე.” რეჟისორი რამა ბურნშტაინი 18 წლის შირას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თელ-ავივში, ხასიდურ ოჯახში იზრდება. შირას დის, ესთერის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი გადაწყვეტს, რომ იგი დის ქმარს მიათხოვოს. შირას უჭირს არჩევანის გაკეთება- დაჰყვეს ოჯახის ნებას, თუ თავის წინათგრძნობას მიენდოს.

 

დოკუმენტური ფილმის საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი პიტერ ბროსენსა და ჯესიკა ვუდვორთს ერგოთ, ფილმისთვის “მეხუთე სეზონი.” მათმა პირველმა ნამუშევარმა “ხადაკ” ვენეციის კინოფესტივალზე „მომავლის ლომი“ მიიღო, ხოლო  ფილმი “Altilpano” 2009 წელს კანის კინოფესტივალის გასხნაზე აჩვენეს.

 

პრიზი ქალის როლისთვის ირანელმა მაჰტაბ კერამატმა ირანულ ფილმში “მეოთხე შვილი” შესრულებული როლისთვის მიიღო. კერამატი ფილმში მოგზაური ქალის როლს ასრულებს, რომელმაც მსახიობობაზე უარი თქვა და ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული. იგი სომალისკენ მიემგზავრება.

 

პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის სერჟ ავედიკიანს ერგო, რომელიც მისივე ფილმში “ფარაჯანოვი” რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს ასახიერებს. სერჟ ავედიკიანი 1960 წელს სომხეთიდან საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში. იგი კანის კინოფესტივალის პალმის რტოს მფლობელი გახდა მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. “ფარაჯანოვი” მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

სერჟ ავედიკიანის მაგივრად პრიზი მისმა თანარეჟისრომა ელენა ფეტისოვამ აიღო. კინოფესტივალის პრიზიორების უმეტესობა ბათუმში არ იმყოფებოდა. ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა ამის მიზეზად რეჟისორებისა და მსახიობების მოუცლელობა დაასახელა.

 

„რეჟისორის გრაფიკზეა დამოკიდებული. ზოგს შეიძლება ეცალოს, ზოგს შეიძლება არ ეცალოს. მეორე: ყველას ჩამოყვანის შესძლებლობა ნაკლებადაა. ნებისმიერ ფესტივალზე კონკურსის მონაწილე და ჟიური ფესტივალს თავისი ხარჯით ჩამოჰყავს. ძირითადი ფაქტორი მოუცლელობაა,“- განაცხადა ელიზიანმა.

 

ელიზიანის თქმით, წლევანდელ კინოფესტივალზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თურქულ-ქართული კოპროდუქციის პლატფორმის ჩამოსაყალიბებლად სტამბოლის კინოფესტივალისა და თურქეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ბათუმის კინოფესტივალის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ელიზიანის მოელის, რომ მომავალი წლიდან განისაზღვრება ფორმატი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, საუბარია თურქულ-ქართული ფილმების დაფინანსებაზე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფონდების საშუალებით.

 

„პერსპექტიულია იმიტომ, რომ თურქეთში კინო ძალიან კარგად ვითარდება, აწყობილი სისტემა აქვთ. დიდი შანსია, რომ ამ პლატფორმას მარტო შეხვედრების ფორმა კი არ ჰქონდეს, არამედ კონკრეტულ შედეგზე იყოს ორიენტირებული: ერთობლივი კინოპროექტების განხილვა, შერჩევა და ფინანსირებაზე წარდგენა“,- განაცხადა ელიზიანმა.

 

რუსულენოვან ფილმებს, რომლებიც ფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაში იყვენენ წარმოდგენილი, ინგლისური სუბტიტრები კი ჰქონდა, მაგრამ ქართული სუბტიტრები- არა. ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რატომ არ ჰქონდა ყველა ფილმს ქართული სუბტიტრები, ელიზიანმა უპასუხა, რომ ამ ორივე ენიდან ერთ-ერთი მაინც ეცოდინებოდა მაყურებელს.

 

„რახან ორიგინალი ენა იყო რუსული, ჩავთვალეთ, რომ აღარ იყო ამის აუცილებლობა აუდიტორიისთვის. თუკი მივიღებთ უკუკავშირს მაყურებლებისგან, რომ აუცილებელია რუსულენოვანი ფილმების გახმოვანება, მაშინ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა“,- განაცხადა ელიზიანმა.

 

დაჯილოდების ცერემონიის დასრლების შემდეგ ჯგუფის “ქეთათო და Lullaby Queens” კონცერტი გაიმართა.

 

ბათუმის საავტორო კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალი ბათუმის ხელოვანთა სახლის, “არგანის” ორგანიზებით ეწყობა. ელიზიანის თქმით, წელს ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოუყო, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა და საქართველოს კულტურის სამინისტრომ კი 20-20 ათასი ლარით დააფინანსეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი