ხელოვნება

ნორმალურობის პირობითობა – ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში

21 სექტემბერი, 2013 •
ნორმალურობის პირობითობა – ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში

“ვენტილაცია ეს არის ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება, აერაცია.  დაგეგმილია 5 ასეთი ივენთი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, ჩვენი აზრით, ყველაზე აქტუალური ხელოვანები, ყოველ შემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი,” – ამბობს გიორგი ხასაია, ფესტივალის ორგანიზატორი.

ხასაია მიიჩნევს, რომ დღევანდელ ივენთს შეიძლება ნორმა ვუწოდოთ:

“პირობითად ამ ივენთს შეიძლება დავარქვათ ნორმა. იმიტომ, რომ ქრისტინას ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ფსიქიატრიული კლინიკის ბინადარნი,  ერეკლე დეისაძე და პაატა სხვა ბევრ რამესთან ერთად საინტერესონი არიან იმითაც, რომ, მათ მიმართ ძალიან ხშირად ისმის პრეტენზიები, მათი თითქოსდა ნორმიდან გადახრილობის, არანორმალურობის შესახებ.  დღევანდელ ივენთს შეიძლება დავარქვათ ნორმა. ჩვენ გვინდა ნორმალურობის სიმყიფის ჩვენებაც.”

ერეკლე დეისაძის თქმით, რეალური ვენტილაციისთვის უფრო მეტი მსგავსი ფესტივალია საჭირო. მისივე მოსაზრებით, ქუთაისში ყველაზე კარგი მსმენელია:

“ძალიან მიხარია, რომ ასეთი რაღაცები ტარდება ქუთაისში. უფრო სწორად, არ ტარდება, მაგრამ ახლა არის მცდელობა, რომ ვენტილაცია მოხდეს. ვენტილაციას რეალურად ერთი ასეთი ფესტივალი არ ყოფნის, ბევრი უდნა იყოს და, რაც ყველაზე მთავარია, ფესტივალი უნდა იყოს ისე კარგად არტისტებით დაკომპლექტებული, როგორც ამ ფესტივალშია. ვისურვებდი, რომ მომავალშიც ხშირად იყოს მსგავსი რამეები. მე ყველაზე მეტად აქაური მსმენელი მიყვარს, ყველაზე დახვეწილი და მაღალი სულის ხალხია.”

“წარმოვადგენ სულ ბოლოს გაკეთებულ სერიას, რომელსაც დიალოგი ჰქვია. ეს გადავიღე ერთ-ერთი ფსიქიატრიულ კლინიკაში და მოიცავს ფოტოგამოფენას და შემდეგ ამ ფოტოს პერსონაჟების ნახატებს. მართლაც ვენტილაციაა დღევანდელი დღე და კარგი იქნება, თუ ასეთი ფრეშ ჰაერი და ახალი ჰაერი ხშირად შემოვა ჩვენს ქალაქში,” – ამბობს ქრისტინე რობაქიძე.

პაატა შამუგიას თქმით, ფესტივალის მონაწილე ავტორები ვენტილატორების როლს ასრულებენ:

“ბოლო ხანებში ძალიან ხშირად ვარ ქუთაისში და ხანდახან მგონია, რომ ამ სახელოვნებო სივრცის ნაწილი ვარ. ვენტილაცია ძალიან საიტერესოა, კონცეფცია ძალიან საინტერესოა და ისიც რომ, ჩვენ იდეაში წარმოდგენილები ვართ როგორც ვენტილატორები, სულების გამნიავებლები, რაც საინტერესო პოზიციაა ხელოვანისთვის.”

ლევან ბიბილეიშვილი, რომელიც დღევანდელ ფესტივალს დაესწრო, ამბობს, რომ ჰაერი ჟანგბადით გამდიდრდა. მისივე განმარტებით, ქუთაისი ალტერნატიული კულტურის ტრადიციის ქალაქია:

“მივესალმები საერთოდ ალტერნარიული კულტურის განვითარებას ქუთაისში და მიმაჩნია, რომ სწორედ ქუთაისია იმ ალტერნატიული ტრადიციების კულტურის ქალაქი, საიდანაც უნდა დაიწყოს მსგავსი მოძრაობები.”

„ვენტილაცია“ წარმოადგენს ხელოვნების მცირე ფესტივალს, რომელიც თავს მოუყრის საქართველოში, სხვადასხვა არტისტულ პრაქტიკაში მომუშავე ხელოვანებს. ფესტივალის ფარგლებში 21 სექტემბრიდან ყოველ შაბათს ქუთაისში 5 ივენთი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მუსიკოსები, ასევე პოეტები, ვიზუალური არტისტები და თეორეტიკოსები. პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC). საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო “ძველი ქალაქი”.

ხელოვნების ფესტივალი ვენტილაცია
ხელოვნების ფესტივალი ვენტილაცია

ხელოვნების ფესტივალი ვენტილაცია
ხელოვნების ფესტივალი ვენტილაცია


მასალების გადაბეჭდვის წესი