ხელოვნება

კულტურის სამინისტრომ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად მზადება დაიწყო

12 ივლისი, 2013 • 1320
კულტურის სამინისტრომ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად მზადება დაიწყო

კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურების შერჩევის გარდა, სარეკომენდაციო საბჭოს უფლება–მოვალეობებში შედის: მინისტრისთვის კანდიდატურების წარდგენა და დანიშნული ხელმძღვანელების მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.

 

სარეკომენდაციო საბჭოს შექმნის აუცილებლობა სახელმწიფო პროფესიული თეატრების შესახებ კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. 2013 წლის აპრილში ამოქმედებული კანონის მიხედვით, თეატრის შემოქმედებით მიმართულებასა და ფუნქციონირებაზე პასუხს სამხატვრო ხელმძღვანელი აგებს.

 

სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე, მის მოვალეობაში შედის საშტატო ერთეულებისა და სახელფასო განაკვეთების განსაზღვრა, ის ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს, ასევე, მასთან შეთანხმებით ხორციელდება თეატრის დირექტორის მიერ თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა.

 

სამხატვრო ხელმძღვანელების წარმდგენი სარეკომენდაციო საბჭო 7 წევრისგან შედგება, რომლებსაც 4 წლით აირჩევენ. წევრებს დანიშნავს და გაათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. სარეკომენდაციო საბჭოს წევრი უნდა იყოს თეატრმცოდნე, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია.

 

კულტურის მინისტრისთვის სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენის უფლება კონკრეტული თეატრის სამხატვრო საბჭოებს აქვთ. მინისტრის ბრძანებით, სარეკომენდაციო საბჭოსაც ექნება უფლება იმ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები წარადგინოს, რომელთან სამხატვრო საბჭოებს კანდიდატურა მინისტრისთვის ექნებათ წარგენილი. ბრძანების მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშია ლეგტიმური, თუ მას 4 საბჭოს 4 წევრი ესწრება. 

 

სარეკომენდაციო საბჭოს წევრის წარდგენის უფლება თეატრის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ. თითოეულ ორგანიზაციას მაქსიმუმ ხუთი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს. ორგანიზაციებს ერთი და იმავე პიროვნების მხარდაჭერის უფლება აქვთ. შერჩეულთაგან უპირატესობა იმათ მიენიჭებათ, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებენ. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი მინისტრის არჩევანი იქნება.

 

კანდიდატების დოკუმენტების მიღება 2013 წლის 18 ივლისამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი