27–28 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალი გაიმართება. ამ ტიპის მინისტერიალი თბილისში პირველად იმართება.
მინისტერიალთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები – მარინე მიზანდარი და ალექსანდრე მარგიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირის წარმომადგნელობის კულტურისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოლივერ რაისნერი ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს სასქართველოში ევროკავშირთან ერთად განხორციელებული თანამშრომლობისთვის კულტურის სფეროში. მან აღნიშნა, რომ ამგვარი მინისტერიალი საქართველოში და რეგიონში პირველია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის 27–28 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებს:
“კულტურა არის ერთ–ერთი საუკეთესო მექანიზმი კონფლიქტების დარეგულირების და ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის საქმეში,”– განცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა.
“აღნიშნული მაღალი რანგის კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კულტურის როლის წარმოჩენისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისათვის. ეს იქნება აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის კულტურის როლის გააზრებისა და, ზოგადად, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ღონისძიება უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის შუალედურ შეფასებას და განიხილავს სამომავლო გეგმებს,”– ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტერიალის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა განათლების, კულტურის, მულტილინგვალიზმისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარი ანდრულა ვასილიუ.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშრის ელჩი საქართველოში. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ამგვარ მინისტერიალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია კულტურული ურთიერთობებისა და კულტურული პროგრამების განხორციელებაა, განაცხადა დიმიტროვმა:
“ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიება ტარდება რეგიონში. მას დაესწრებიან ყველა ამ ქვეყნის წარმომადგენლები, ამ ღონისძიებას დაესწრება [საქართველოს] პრემიერ–მინისტრი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ვაგზავნით ევროკომისარს კულტურის საკითხებში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად.”
დიმიტროვმა გაიხსენა, რომ 2011 წლიდან ევროკავშირმა 9 მილიონი ევრო გამოჰყო კულტურული თანამშრომლობისა და კიდევ 3 მილიონი კულტურის სახელმწიფო უწყებების განსავითარებლად.
მარინე მიზანდარმა, კულტურის მინისტრის მოადგილემ, ევროკავშირის მიერ განხორციელებული კულტურის პროგრამები დაასახელა. მისი თქმით, 2011–2014 წლებში ხორციელდება ყველაზე მასშტაბური ინიციატივა რეგიონში და ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა 15 დიდი საერთაშორისო პროექტის დაფინანსება, რომელთაგან 12 პროექტში საქართველო მონაწილეობდა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რამდენად აქტიური იყო საქართველო იმთავითვე ევროკავშირის კულტურის პროგრამაში,”–განაცხადა მიზანდარმა.
მარინე მიზანდარის თქმით, ევროკავშირის პროექტებში კულტურის სხვადასხვა დარგი არის ჩართული: კინოხელოვნება, ხალხური რეწვა, სამუზეუმო ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, ვიზუალური ხელოვნება. მიზანდარის თქმით, რამდენიმე პროექტი კულტურის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას ითვალისიწნებს:
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, ამაღლდეს პროფესიული უნარ-ჩვევები კულტურის სფეროში. შეიქმნას კულტურის მენეჯმენტის მნიშვნელოვანი გამოცდილება.”
27 ივნისს მინისტერიალის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ კულტურის მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. იგეგმება კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა საქართველოს ოქროს ფონდში სტუმრობა. 28 ივნისს კი ჩატარდება კონფერენცია, რომელშიც მინისტერიალის მონაწილეები იქნებიან ჩართული.
27–28 ივნისს დაგეგმილ მინისტერიალში ჩართული არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურის მინისტრები: სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი, უკრაინის კულტურის მინისტრი ლეონიდ ნოვოჰატკო, ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი შარუნას ბირუტისი, პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრი ბოგდან ზდროჟევსკი, მოლდოვის კულტურის მინისტრი მონიკა ბაბუცი.
მინისტერიალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიდან: იოლანდა ვალე-ნეფი – ევროპის მეცნიერებისა და კულტურის რეგიონალური ბიუროს დირექტორი, UNESCO; კლაუდია ლუჩიანი – ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის ხელმძღვანელი, ევროკომისიის წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები, საქართველოს მთავრობის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წევრები ესწრებიან.