ქალაქ ლოძში წამოწყებულმა პროექტმა “WORLD FROM DAWN TILL DUSK” მსოფლიოს რამოდენიმე ქალაქი მოიარა. ტოკიოს, პეკინის, მოსკოვის, კიევის შემდეგ თბილისის ჯერიც დადგა. ქართველი სტუდენტები (არა მარტო სტუდენტები) და ლოძის კინოსკოლის პროფესორები ერთობლივი მუშაობის შედეგად თბილისზე ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს შექმნიან.
„ერთმა ადამიანმა თავისი ქალაქის ცხოვრება 3-4 წუთში უნდა აჩვენოს. საბოლოო ჯამში, ასეთი ეტიუდებისგან შეიკვრება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ქალაქს გათენებიდან დაღამებამდე ასახავს. ეს იქნება აბსულუტურად თქვენი ხედვა, თქვენი თვალით დანახული თბილისი. ჩვენ გვინდა გამოცდილება და დოკუმენტალისტიკის ჩვენეული რელიგია გაგიზიაროთ“,.–ამბობს პროექტის ხელმძღვანელი მიროსლავ დემბინსკი.
პროექტი დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან ერთად მასტერკლასების ციკლსა და პოლონეთის ყველაზე ცნიბილი დოკუმენტალისტების ფილმების ჩვენებებს მოიცავს.
ერთ-ერთი ასეთი საღამო კინო რუსთავლეში უკვე შედგა. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ პაველ ლოჟინსკის ბოლო ნამუშევარი „ქიმია“ იხილა.
დოკუმენტური ფილმი, რომლის გმირები უმძიმესი დაავადებით იტანჯებიან, სიცოცხლისთვის ბრძოლაზეა. არადა უმეტეს მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამოტანილი აქვს. თურმე ყველაზე დიდი სასიცოცხლო ენერგია იმ ავადმყოფ და უძლურ სხეულებშია, რომელთაც ქიმიური მინაერთები სჭირდებათ არსებობის შენარჩუნებისთვის, ხელოვნური თმები და პარიკები იმისათვის, რომ სილამაზე არ დაკარგონ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იმედს ინარჩუნებენ და იბრძვიან სამყაროსთვის, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრებიდან ხან წვიმიანი, ხან კი თოვლიანი პეიზაჟია. პაველ ლოჟინსკის თქმით, ეს არის ფილმი, რომელიც გვაჩვენებს, რომ „ბრძოლა შესაძლებელია!“ საავადმყოფოს კედლებშიც კი, რომელიც ეკრანზე არ ჩანს. აქ მხოლოდ ადამიანები არიან და მათი თვალით დანახული გარესამყარო.
პროექტის „სამყარო გათენებიდან დაღამებამდე“ ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი უკვე ქართველების თვალით დანახული თბილისი იქნება. ქართული და ლოძის კინოსკოლის თანამშრომლობა დაახლოებით 1 თვეს გაგრძელდება. ფილმის პრემიერა სექტემბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება.