12–22 ივნისს საქართველოში თურქული კულტურის დღეები აღინიშნება.
კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც საქართველოში თურქულ კულტურაში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობდნენ.
“კულტურა არის ის მოვლენა, რომელიც დგას ყველაფერზე მაღლა. პოლიტიკაზე მაღლა, ნებისმიერ დაპირისპირებაზე მაღლა. თურქული და ქართული კულტურა ბევრ რამეს აერთიანებს. დღესაც ჩვენ გავხდებით მოწმე იმისა, თუ როგორ გადადის ეს კულტურული ურთიერთობები ერთმანეთში,”– გურამ ოდიშარია.
თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები სამაგალითოა:
“ყველამ იცის, რომ ჩვენ შორის არსებობს ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობები. კულტურულ ურთიერთობებს სხვა დონეზე აჰყავს ჩვენი თანამშრომლობა. ვინაიდან ეს ეხება ხალხს, კულტურის გაზიარება ხდება. საოცარი მსგავსება არსებობს ჩვენს ხალხებს შორის. იგივე ოჯახის სტრუქტურა, იგივე ურთიერთობები, იგივე ნათესაური კავშირები.”
ლევენთ მურათ ბურჰანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ძალიან მარტივად, პირადობის მოწმობის საშულებაითაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო აახლოებს ქართველ და თურქ მოქალაქეებს.
თურქული კულტურის დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:
12 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიმართება მოდების ჩვენება „ოსმალეთის იმპერიიდან თურქეთის რესპუბლიკამდე“.
თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებშივე 14 ივნისს, 19 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება დერვიშების ცეკვა.
17 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო ცნობილი თურქი მუსიკოსების ჯიჰათ აშკინისა (ვიოლინო) და ჯან ოქანის (ფორტეპიანო) მონაწილეობით.
22 ივნისს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება თანამედროვე თურქი მხატვრის აჰმეთ იეშილის ნახატების გამოფენა „ვიზუალური შეხება“