ხელოვნება

თურქეთში შესაძლოა ქართველი სპეციალისტები გაიგზავნონ

12 ივნისი, 2013 •
თურქეთში შესაძლოა ქართველი სპეციალისტები გაიგზავნონ

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ელჩმა საქართველოში, ლევენთ მურათ ბურჰანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ჩარჩო–ხელშეკრულების არარსებობის მიუხედავად, თურქეთი მზადაა ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები და შენიშვნები განიხილოს.

 

“თურქული და ქართული მხარეები კეთილი ნების საფუძველზე ახორციელებენ თანამშრომლობას და ასე გაგრძელდება. მე არ ვარ სპეციალისტი და ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. როგორ, რა კეთდება ტექნიკურად, არ ვიცი. თურქული მხარე ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისათვის. თუ ქართული მხარე ჩათვლის, რომ რაღაც არ კეთდება, საჭირო არის გამოკვლევა, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ.”

მარინე მიზანდარმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, აღნიშნა, რომ ორი დღის წინ, თურქეთის ელჩთან საუბრის შემდეგ მიიღო დაპირება შუამდგომლობის შესახებ.

 

“ბატონი ელჩი შეგვპირდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვიწევს შუამდგომლობას. სანამ სამართლებრივი ჩარჩო გვექნება თანაშმრომლობისა ხელშეკრულების სახით. რათა დაშვებული იქნან ჩვენი სპეციალისტები იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესში.”

თურქეთის ელჩის თქმით, შესაძლოა თურქი სპეციალისტები ჩამოვიდნენ საქართველოში, ან პირიქით, ქართველი სპეციალისტები ჩავიდნენ თურქეთში. პრესკონფერენციაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ იშხანი კულტურული მემკვიდრეობის ზიარი ძეგლია.

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტის პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი