ჟიურის პერსონალურ გადაწყვეტილებებს პრესის ოთახში დაბანაკებული კინოკრიტიკოსები არაერთგვაროვანი ემოციებით შეხვდნენ, თუმცა, როგორც ესპანელმა მსახიობმა, როზი დი პალმამ ჟიურის სპეციალური პრიზის გადაცემის წინ გამოაცხადა,”ყოველთვის განვსჯით ადამიანების სიარულის მანერას, გემოვნებას… მაგრამ კინო არის ის, რითაც ყველას ვერ ასიამოვნებ”.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის კონკურსში ჯეინ კემპიონის და მედს მიკელსენის თავჯდომარეობით, ჟიურიმ გამარჯვებულად კორეელი რეჟისორის, მუნ ბიონგ გონის ფილმი SAFE გამოაცხადა.
ოქროს კამერით, ანიეს ვარდამ ანტონი ჩენის ფილმი ILO ILO დააჯილდოვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ კატეგორიაში კანის კინოფესტივალზე პრიზი სინგაპურულ ფილმს გადასცეს.
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი:
ბრუს დერნი ალექსანდრ პეინის ფილმში ნებრასკა შესრულებული როლისთვის.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი:
ბერენის ბეჟო ირანელი რეჟისორის ასღარ ფარადის ფილმში წარსული შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო სცენარისთვის სტივენ სპილბერგის ჟიურიმ ოქროს პალმა ჩინელ რეჟისორს, ჯია ჟანგკეს გადასცა ფილმისთვის ცოდვის ხელი.
სპეციალურ პრიზი იაპონელ რეჟისორს კორე-ედა ჰიროკაზუს გადაეცა ფილმისთვის როგორც მამა, როგორც შვილი, რომელსაც ზოგიერთები გაუგებარი მიზეზების გამო დიდ იაპონელ რეჟისორს, იასუჯირუ ოძუსაც კი ადარებდნენ!
საუკეთესო რეჟისორი:
მექსიკელი ამატ ესკალანტე ფილმისთვის ჰელი.
66-ე ფესტივალის გრანპრი ძმები კოენების სურათს ლოუენ დევისის შიგნით კიმ ნოვაკმა გადასცა, რომელიც კანში ალფრედ ჰიჩკოკის ვერტიგოს რესტავრირებული ასლის ჩვენებაზე დასასწრებად იყო მოწვეული.
საუკეთესო ფილმისათვის წელს ოქროს პალმის რტოს მფლობელი წარმოშობით ტუნისელი რეჟისორის, აბდელკატიფ კეშიშის ფრანგული ფილმი ადელის ცხოვრება გახდა. ჟიურიმ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და პრიზი რეჟისორთან ერთად მთავარი როლის შემსრულებლებს, ლეა სეიდუს და ადელ ექსარქოპულოსს გადასცა. პრიზის ასაღებად სცენაზე მოწვეულმა რეჟისორმა ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია “იცხოვრო თავისუფლად, გამოხატო საკუთარი თავი თავისუფლად და გიყვარდეს თავისუფლად.”
შეგახსენებთ ჟიურის შემადგენლობას:
თავჯდომარე სტივენ სპილბერგი
ნიკოლ კიდმანი
კრისტიან მუნგიუ
ანგ ლი
კრისტოფ ვალცი
დანიელ ოტეი
ვიდია ბალანი
ნაომი კავასე
ლინ რამსეი