ხელოვნება

ზახერ მაზოხი, რომენ პოლანსკი და ვენერა ბეწვში

26 მაისი, 2013 •
ზახერ მაზოხი, რომენ პოლანსკი და ვენერა ბეწვში

ხშირად ხდება როცა ასაკის მატებასთან ერთად კინორეჟისორები სულ უფრო ნაკლებად პროვოკაციულ ფილმებს იღებენ. მაგალითისათვის პედრო ალმოდოვარის ბოლო სურათები შეგვიძლია გავისხენოთ: უყურებ და ელოდები როდის დაიწყება მისი ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სიგიჟე, მაგრამ ეკრანზე ისევ დავარცხნილი ისტორია გხვდება.

 

იასმინა რეზას „ჟლეტის“ ადაპტაციის შემდეგ, პოლანსკის პიესის ეკრანიზაციას ისევ მიუბრუნდა. ამჯერად ეს ზახერ მაზოხის მოთხრობით ინსპირირებული დევიდ ივის ნაწარმოებია. წინა ფილმთან შედარებით რეჟისორმა პერსონაჟების რიცხვი კიდევ უფრო მეტად, ორამდე შეამცირა (მატიე ამალრიკი და პოლანსკის მეუღლე ემანუელ სენიე). ამან შეიძლება პოლანსკის ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმიც გაგახსენოთ, „დანა წყალში“, რომელიც საფრანგეთში წასვლამდე გადაიღო. მაშინ რეჟისორს სულ სამი მოქმედი პირი ყავდა.

 

ვერ ვიტყვით, რომ პოლანსკი ახალ ფილმში საკუთარ თავს ციტირებს, მაგრამ „ვენერა ბეწვში“ ნამდვილად აღძრავს მისი ადრინდელი ფილმების მოგონებებს („მდგმური“, „მწარე მთვარე“). რეჟისორი აქაც სივრცის ერთიანობას იცავს, როგორც „ჟლეტაში“, ოღონდ მოქმედება ამჯერად თეატრში ხდება. მატიე ამალრიკი რეჟისორია, რომელიც მაზოხის ადაპტაციას დგამს, ემანუელ სენიე კი როლის მოსაპოვებლად მებრძოლ მსახიობს განასახიერებს. პოლანსკი ამბობს, რომ ზახერ მაზოხის სამყარო მისთვის უცხოა. თუმცა, ეთანხმება აზრს, რომ თეატრში მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა შეიძლება სადო-მაზოხიზმის ელემენტებს შეიცავდეს. სექსუალური დომინაცია, სექსიზმი, მაჩოიზმი და ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ის თემებია, რომლებზეც პოლანსკი ბოლო ფილმში ხუმრობს. 2009 წელს შვეიცარიაში პოლანსკის ხანმოკლე დაპატიმრების შემდეგ, რაც რეჟისორის ბიოგრაფიაში 1978 წელს აშშ-ში მომხდარი ინციდენტის ხელახლა ამოტივტივებამ გამოიწვია, მაყურებელი სტრიქონებს შორის კითხულობს ფილმის დიალოგებს. დიალოგები კი ამ სურათში სისხარტის, მოქნილობის და იუმორის ნამდვილი ზეიმია.

 

ფილმს ძალიან ძლიერი ეროტიული მუხტი აქვს. რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა სექსუალურ თამაშს ემსგავსება, სადაც ერთი მეორეს იმორჩილებს, ბრძანებებს გასცემს, მეორე კი სიამოვნებით, ვნებითა და ძრწოლით ასრულებს დაკისრებულ დავალებებს. პარალელურად კი, თამაშ-თამაშ, პოლანსკი გენდერის პოლიტიკის, ფემინიზმის და ქალთმოძულეობის თემებზე გაკვეთილს გვასმენინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი