
წარმოშობით ტუნისელი ფრანგი რეჟისორის, აბდელატიფ კეშიშის ფილმი „ადელის ცხოვრება თავი 1 და 2“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს უდავოდ არის ოქროს პალმის რტოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრეტენდენტი. კეშიში კინოს დევიდ ჰერბერტ ლოურენსია. თუკი რეჟისორის ბიოგრაფიას არ იცნობთ, რთული გამოსაცნობია, რომ ფილმის ავტორი სწორედ კაცია.
„ადელის ცხოვრების“ ინგლისური სათაურია „ლურჯი ცხელია“, ასეთივე სახელწოდება აქვს გრაფიკულ რომანს, რომლის მიხედვითაც სურათია გადაღებული. თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, ადაპტაცია ძალიან თავისუფალია და რომანის შინაარსი ახალგაზრდა ფრანგი მასწავლებლის შესახებ მის აქამდე არსებულ ჩანაფიქრს კარგად შეერწყა.
ფრანსუა ოზონის ფილმის შემდეგ „ადელის ცხოვრება“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართული მეორე ფილმია, რომელშიც კარიერის და პირადი ცხოვრების დასაწყისში, თვითგამორკვევის, ჩამოყალიბებისა და დიდი ცვლილებების პროცესში მყოფი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვებიან.
„ადელის ცხოვრება“ ნიუანსების კინოა, სადაც პერსონაჟის განვითარების ყველა დეტალი უკიდურესი სიფაქიზით არის გადმოცემული. ადელის როლის შემსრულებელი, 18 წლის ფრანგი მსახიობი ადელ ექსარქოპულოსი კი, უბრალოდ, შეუდარებელია. მაშინ, როცა წინ კიდევ რამდენიმე საკონკურსო ფილმის ნახვა გველის, ნაადრევი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ფესტივალის განმავლობაში ნანახ სამსახიობო როლებში ექსარქოპულოსის თამაში ყველაზე დახვეწილია და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზიც ეკუთვნის.
სტილის და ესთეტიკის თვალსაზრისით „ადელის ცხოვრებამ“ შეიძლება ლორან კანტეს და ძმები დარდენების ფილმებიც გაგახსენოთ. ვიზუალურად ფილმი ძალიან სადაა. ხელის კამერა თავისუფლად მიყვება პერსონაჟის შინაგან მოძრაობას და ფილმის ისტორია ძალიან ახლოს მოაქვს მაყურებელთან. მსხვილი ხედების სიხშირე ადგილს არ უტოვებს ემოციის სიყალბეს, რომლის ნასახიც არ არის ფილმში. „ადელის ცხოვრება“ ახლო ხედით გადაღებული კინოა, ფანტასტიკური დიალოგებით, იუმორით, დრამატიზმით, ბევრი ცრემლით ეკრანზე და ეკრანის წინ.
რეჟისორი წარმოუდგენელი სიზუსტით გრძნობს, რა შეიძლება აწუხებდეს თავისი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს 17 წლის ასაკში, როცა მასზე შეყვარებულ სიმპათიურ ბიჭთან ურთიერთობისას თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაც არ აკმაყოფილებს. ეს არ არის მხოლოდ პერსონაჟის ემოციური განცდების ცოდნა, არამედ ფიზიოლოგიისაც. მან იცის, რატომ შეიძლება შუა ტირილში ადელი საწოლის ქვეშ გადანახულ სასუსნავის ყუთს გადასწვდეს და შოკოლადი პირში ჩაიტენოს. და სწორედ ეს არის ის, რაც მაყურებელზე ზემოქმედებს. არა რაიან გოსლინგის მოსაკვეთად გაშვერილი ხელები და თითიდან გამოწოვილი ინტელექტუალური ქვეტექსტები ფილმიდან „მხოლოდ ღმერთი პატიობს“, რომელიც კეშიშეს შედევრამდე რამდენიმე საათით ადრე აჩვენეს ლუმიერების დარბაზში, არამედ მოულოდნელად, შოკოლადით გამოტენილი პირი. ეს არის ნამდვილი კინო, ნამდვილი პერსონაჟებით, რომელიც ყველაზე მეტი კინოდარბაზის ღირსია დედამიწის ზურგზე.

ფიზიოლოგია, ფიზიკურობა და სხეული, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია „ადელის ცხოვრებაში“. სხეული, როგორც ფორმა, სხეული, სახე და სახის დეტალები, მათი მოძრაობის მანერა, დიდ როლს თამაშობს ფილმში, როგორც ცალკე ტექსტი. ფილმის სარეკლამო ბროშურაში დაბეჭდილ ინტერვიუში რეჟისორი ამბობს კიდევაც, „რაღაც გვაღელვებს სახეში: ცხვირი, პირი… ჩემთვის ეს ყველაფრის დასაწყისია.“ მთავარი როლის შემსრულებლის დანიშვნის გადაწყვეტილებაც რეჟისორმა მაშინ მიიღო, როცა ნახა კაფეში გასაუბრებაზე დაბარებული ადელ ექსარქოპულოსი როგორ შეექცეოდა ლიმონის ტარტს, როგორ მოძრაობდა მისი პირი ნამცხვრის ღეჭვისას. ცოტა ჟორჟ ბატაია არა?
ორი ქალის სიყვარულის ისტორია „ადელის ცხოვრების“ ცენტრალური თემაა. რომ იკითხოთ, რაზეა ფილმი, პასუხი ეს იქნებოდა: სასიყვარულო ისტორიაზე და სასიყვარულო განცდებზე. ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. მართალია, შეყვარებულები ახალგაზრდა ქალები არიან, მაგრამ ჰომოსექსუალობა ფილმში არ არის იმ სახით აქცენტირებული, როგორც გეი წყვილების შესახებ გადაღებული სურათების უმეტესობაში გვინახავს. „ადელის ცხოვრებაში“ პერსონაჟები საკუთარი იდენტობის დასამკვიდრებლად არ იბრძვიან. სხვა სიტყვებით, ფილმში არ ხდება ჰომოსექსუალობის პრობლემატური კუთხით განხილვა სოციალურ კონტექსტში და ფილმის ძირითადი კონფლიქტები ამ თემიდან არ გამომდინარეობს. მართალია, არის ერთი სცენა, სადაც ჰომოსექსუალობის ნიადაგზე ადელი თანაკლასელებს ეჩხუბება, მაგრამ სექსუალური იდენტობის ნიადაგზე პერსონაჟის საზოგადოებასთან დაპირისპირების სხვა მაგალითები ფილმში ძალიან ცოტაა.
საქართველოში ამ სახით თემის გაშლა არაბუნებრივი, მეტიც, რეალობის დამახინჯება იქნებოდა, მაგრამ კეშიშეს სრული უფლება აქვს ადელის და მისი მეგობარი გოგოს, ემას ისტორია ნებისმიერი სხვა სასიყვარულო ისტორიის მსგავსად მოგვითხროს ისე, რომ არ გამოედავონ. დღევანდელი მდგომარეობით კი ჩვენს ქვეყანაში არათუ ასეთი ფილმის გადაღება, არამედ ჩვენებაც კი სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს ადამიანს.




