„ჩალის ფარი“ ტაკაში მიიკეს, ძალიან პროდუქტიული რეჟისორის, ბოლო ნამუშევარია. ხშირად მიიკე წელიწადში რამდენიმე ფილმს იღებს. 53 წლის ასაკში იგი უკვე 89 დასრულებული მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორია. პერიოდულად სატელევიზიო ფილმებს და ვიდეოებსაც აკეთებს. მაშინ, როცა კანის კინოფესტივალზე „ჩალის ფარის“ პრესკონფერენციას მართავს, იაპონიაში მას ახალი ფილმის პოსტ-პროდუქცია ელის წინ. გარდა ამისა, მიიკე კიდევ ერთი ფილმის მოსამზადებელ პერიოდში იმყოფება. ორივე მათგანი 2014 წელს გამოვა ეკრანებზე. ამ მხრივ ჩალის ქუდი გამონაკლისია: ის რეჟისორის ერთადერთი ნამუშევარია წლის განმავლობაში.
ტაკაში მიიკე ძირითადად ჟანრულ კინოშია სპეციალიზებული (ტრილერი, ჰორორი, ვესტერნი, ისტორიული დრამა, საბავშვო კინო, მიუზიკლი და ა.შ.), მისი ფილმების პერსონაჟები ხშირად არიან კრიმინალები, გამომძიებლები, ადვოკატები, სამურაები, იაპონური მაფიის წარმომადგენლები… მიიკეს ფილმები ცნობილია სისასტიკისა და ძალადობის სცენების სიჭარბით. დასავლეთში ის საკულტო რეჟისორად ითვლება. მიიკე უყვართ ამერიკაშიც და ევროპაშიც. ამერიკაში იაპონელი რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი კვენტინ ტარანტინოა, რომელმაც მიიკეს აუდიენცია თავისი საყვარელი ფილმების ოცეულში შეიყვანა.
ტანარტინოს და მიიკეს ბევრი რამ აკავშირებთ. ისევე, როგორც ამერიკელი რეჟისორის, მისი იაპონელი კოლეგის ფილმებშიც ბევრი წითელი საღებავი იხარჯება. სისასტიკის გადაჭარბებულ ჩვენებას მიიკეს ფილმებშიც კომიკური ეფექტი აქვს. ფილმის ემოციურად მძაფრ სცენებში, როცა მოქმედება ტრაგიკულად ვითარდება, მიიკეც უმოწყალოდ აცინებს მაყურებელს. გარდა ამისა, ტარანტინომ სწორედ მიიკეს ვესტერნში „სუკიაკი ვესტერნ ჯანგოში“ ითამაშა 2007 წელს, თავისი „ჯანგოს“ გადაღებამდე რამდენიმე წლით ადრე.
როგორც წესი, საავტორო კინო ან არტჰაუსი, როგორც ახლა ამბობენ, ჟანრულ კინოს უპირისპირდება. არტ ჰაუსი ე.წ. მაღალ კულტურასთან ასოცირდება და რეჟისორის ავტონომიურობაზე, მის ინდივიდუალობაზე აკეთებს აქცენტს. ხოლო ნარატიული კინოს კონვენციების, მაყურებლისათვის ნაცნობი კოდებისა და ნიშნების გამოყენებას მაღალი ხელოვნების მოყვარულები ხშირად ქირქილით უყურებენ, არასერიოზულად მიიჩნევენ.
კინოში 90-იანელების მოსვლის შემდეგ ჟანრულ კინემატოგრაფთან დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა. ახალგაზრდა რეჟისორებმა ჟანრებით თამაში დაიწყეს. ასევე იქცევა ტაკაში მიიკეც. შეუძლებელია არ გაგეღიმოს მის ფილმებზე, სადაც პერსონაჟი გახურებულ ბრძოლაში მოულოდნელად სიმღერას იწყებს და საბრძოლო კინოდან ფილმი უცებ მიუზიკლად გადაიქცევა. მიიკე ჟანრებს არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით აყენებს თავდაყირა, არამედ ჟანრის იდეოლოგიასაც იგივეს უშვება. მისი პერსონაჟები ერთი შეხედვით ამა თუ იმ ჟანრის გმირების ტრადიციულ მახასიათებლებს ატარებენ, მაგრამ ამავდროულად განსხვავებულნი არიან. იაპონელი რეჟისორის შემოქმედებითი მიდგომას, ერთი მხრივ, წესების მორჩილება და, მეორე მხრივ, საბოტაჟი ახასიათებს.
ტაკაში მიიკე კანში პირველად არ არის. ორი წლის წინ მთავარ კონკურსში მისი „ჰარაკირი: სამურაის სიკვდილის“ პრემიერა შედგა. ეპიკური სანახაობისგან განსხვავებით მიიკეს წლევანდელი შემოთავაზება თანამედროვე იაპონიაში ვითარდება. პოლიციელებმა 7 წლის გოგონას მკვლელი იაპონიის ერთ-ერთი პროვინციიდან ტოკიოში უნდა ჩამოიყვანონ, თუმცა დამნაშავის დედაქალაქში ტრანსპორტირება ნამდვილ თავსატეხად იქცევა მას შემდეგ, რაც მსხვერპლის ოჯახი დამნაშავის მოკვლისთვის არალეგალურად ერთი მილიარდი იენის ოდენობის ჯილდოს დააწესებს. იაპონელი პოლიციელების ოთხკაციან ჯგუფს ერის მორალური ღირსების შენარჩუნების მისია დაეკისრებათ: ჯილდოს მიღების სურვილით მოტივირებულ მოქალაქეებს დამნაშავის მოკვლის საშუალება არ უნდა მისცენ და გოგონას მკვლელი ტოკიოში საღსალამათი ჩაიყვანონ.
ფილმი ერთი შეხედვით მნიშვნელოვან პოლიტიკურ მესიჯს ატარებს კორუმპირებული პოლიციის შესახებ. თუმცა კრიტიკა ისევ და ისევ ჟანრის წესების ფარგლებში ჯდება, რომელიც სურათში მტრულად განწყობილი პერსონაჟების არსებობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ასეთებად ჯილდოს მიღების ცდუნებას აყოლილი ცალკეული პოლიციელები გვევლინებიან. ფილმის პოლიტიკაზე რეჟისორს კითხვა პრესკონფერენციაზეც დაუსვეს, თუმცა, ტაკაში მიიკემ არჩია ამ თემისთვის გვერდი აევლო. თანაც ფილმის მძაფრი სიუჟეტი იმდენად ყლაპავს მაყურებელს, რომ პოლიტიკაზე ფიქრისთვის მას ნაკლებად სცალია.
აქცენტი აქ მორალურ დილემაზე უფროა, ვიდრე სისტემის კრიტიკაზე. რატომ უნდა დაიცვას პოლიციელმა მკვლელი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა? ეს კითხვა ფილმში რამდენჯერმე, ყოველი ახალი მსხვერპლის გაჩენისთანავე ჩნდება და მკვლელის დასაცავად მებრძოლი ყველა პოლიციელის გონებაში ტრიალებს. მაგრამ მთავარ პერსონაჟს, მექარის, დამნაშავის ტოკიოში უვნებლად ჩასაყვანად მყარი მოტივაცია აქვს: პიროვნული, გნებავთ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნება.
მექარის მტკიცედ სწამს, რომ მკვლელი სახელმწიფომ უნდა დასაჯოს და არა ცალკეულმა პიროვნებამ, რომელიც ამაში გასამრჯელოს აიღებს. ამ იდეის ბოლომდე დასაცავად ის საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებს. კანონის ძალა უფრო დიდია, ვიდრე მწუხარებაში მყოფი დაზარალებულის შურისძიების სურვილის ძალა. ზიგფრიდ კრაკაუერი, როდესაც თავის საკმაოდ სწორხაზოვან, მაგრამ ცნობილ წიგნში „კალიგარიდან ჰიტლერამდე: გერმანული კინოს ფსიქოლოგიური ისტორია“ გერმანიაში პრენაცისტურ კინოზე საუბრობს, წერს, რომ იმ პერიოდის კინო ქვეყანაში არსებულ პესიმისტურ განწყობას ირეკლავდა. თეორეტიკოსის აზრით, გერმანული კინო, ფრანგულისგან განხსვავებით, არ იყო დასახლებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებიც კრიმინალურ ისტორიებს ნათელს მოჰფენდნენ და ბოროტებას გამოააშკარავებდნენ. კრაკაუერი წერს, რომ ეს მდგომარეობა ხალხის აპათიაზე, კინოს საზოგადოებრივი ზემოქმედების უნარზე მიუთითებდა.
მიიკეს პერსონაჟი რთულ გზას გადის, მაგრამ მას ბოლომდე სჯერა საკუთარი იდეის და გრძნობს პიროვნულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. საინტერესოა, კრაკაუერი ცოცხალი რომ იყოს, რა სოციალურ ანალიზს მოგვცემდა ამასთან დაკავშირებით. ასეა თუ ისე, იაპონელ რეჟისორს თავის ტრილერში, რომელიც ექშენიც არის ამავდროულად და კრიმინალური დრამაც, პერსონაჟის მორალური დილემა ტრაგედიის ჟანრში აყავს და მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, შეიძლება ითქვას, მსუბუქად აბურთავებს. მაგალითად, პათოსით აღსავსე დიალოგებიდან მიღებული მუხტი, სასტიკად შავი იუმორის წყალობით, შეიძლება მაყურებელს ერთ წამში ჩაუქროს.
პრესკონფერენციაზე ტაკაში მიიკემ განაცხადა, რომ არ ცდილობს ორიგინალური იყოს და რომ კინოსადმი მისი დამოკიდებულება უბრალოა. ზოგმა შეიძლება „ჩალის ფარი“ მეინსტრიმადაც მიიჩნიოს. მაგრამ ასეთი იაპონური „მეინსტრიმი“ ნამდვილად ჯობია პრეტენზიულ საავტორო კინოს, რომლის არაერთი მაგალითი ვიხილეთ უკვე კანის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.