ხელოვნება

ქართული კულტურის დღეები ბრიტანეთში დასრულდა

15 მაისი, 2013 •
ქართული კულტურის დღეები ბრიტანეთში დასრულდა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ალეკო მარგიშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა:

 

“წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო, ქართული მხატვრობა. მიმდინარეობდა მარჯანიშვილის თეატრის გასტროლები. ხელმეორედ მათ ქართულ ენაზე წარმაოდგინეს “როგორც გენებოთ”. შექსპირი მეორედ გაჟღერდა ერთი წლის თავზე ხელმეორედ. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთეს შეფასებას და დაფასებას ბრიტანელი მეგობრებისგან ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა.”

 

მარჯანიშვილის თეატრის მმართველმა ეკატერინე მაზმიშვილმა ისაუბრა ლონდონში, გლობუსის თეატრში გამართულ წარმოდგენებზე. მისი თქმით, ბრიტანელი კოლეგების მიწვევით, მათ წელსაც გამართეს “უილიამ შექსპირის “როგორც გენებოთ” თეატრალური წარმოდგენა გლობუსის თეატრში.

 

“შარშან ჩვენი შეფასებები კრიტიკოსების, მაყურებლების იყო ძალიან მაღალი. 6 სპექტაკლიდან ოთხი – 1500 კაცით იყო შევსებული, ხოლო 2, რომელიც დღის ორ საათზე იყო – 1000-ით,” – განაცხადა ეკატერინე მაზმიშვილმა.

 

საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ბრიტანეთში მოღვაწე ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა საჩუქრად გადასცა ანდრონიკაშვილების საგვარეულო მოვერცხლილი ჭურჭელი დოქი და სასმისი.

 

მოვერცხლილი ჭურჭელი სალომე ანდრონიკაშვილს, მეცენატსა და საზოგადო მოღვაწეს ეკუთვნოდა. მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას თქმით: “სალომე ანდრონიკაშვილი ბრიტანეთში გარდაიცვალა 1982 წელს. ის ემიგრირებული იყო. მისი ქონება კერძო კოლექციონერებს შორის გადანაწილდა. თავისი ქონების დიდი ნაწილი მან თავის ქალიშვილს დაუტოვა. კერძო კოლექციონერების საშუალებით მოხვდა გიორგი ლალიაშვილთან და გიორგი ლალიაშვილმა გადმოგვცა ჩვენ.”

 

თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა ლონდონის “ვინოპალასში” მოაწყო ასლების გამოფენა მუზეუმში დაცული სურათებისა, სახელწოდებით “შექსპირი ქართულ თეატრში” და “შექსპირი ქართულ მხატვრობაში”. გამოფენაზე გამოტანილი იყო პეტრე ოცხელის, დავით კაკაბაძის, ირინა შტენბერგის, ნიკა ყაზბეგისა და სხვათა ნამუშევრების ასლები.

 

პროექტის იდეის ავტორი კულტურის მინისტრის მოადგილე მანან ბერიკაშვილია.

 

დიდი ბრიტანეთში გამართული ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული ხალხური ტრადიციული ხელოვნების დარგების – ხალხური რეწვის, ტექსტილის, ღვინის ჭურჭლის, გამოფენა გაიმართა.

 

“დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართული სუფრის წარდგინებას, ქართულ მრავალხმიანობას და ქართულ ცეკვას. 10 მაისს მოეწყო ქართული მხატვრული ფილმების -“ქვევრი”, “ფიროსმანი’, “სუხიშვილების” ჩვენება,” – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

 

ქართული კულტურის დღეების მხარდამჭერი ქართულ–ბრიტანული სავაჭრო პალატა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი