ხელოვნება

“ევროვიზიის” პირველი კონცერტი დღეს გაიმართება

14 მაისი, 2013 •
“ევროვიზიის” პირველი კონცერტი დღეს გაიმართება

14 მაისს ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალის პირველი კონცერტი გაიმართება. ნახევარფინალის მეორე კონცერტი 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

 

2013 წლის ევროვიზიის რიგით 58–ე კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს. საქართველოს სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი წარმოადგენენ. ისინი უკვე შვედეთში არიან და ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში სიმღერით Waterfall მონაწილეობენ. ევროვიზია საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფო და ნოდო ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალის ფავორიტები არიან.

 

ევროვიზიის კონკურსის მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს, ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდაშერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს.

საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს. მაუწყებელმა 2013 წელს საქართველოს წარმომადგენლები შიდაშესარჩევი კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.

 

2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელი შვედეთის მაუწყებელია (SVT). ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წელს 39 ქვეყანა მონაწილეობს.ევროკვირეული 6 მაისს ევროკლუბის გახსნით დაიწყო.

 

ევროფესტივალის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა. კონკურსის მოდელად იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი იქცა. იდეის ავტორი, EBU-ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში 7-მა ქვეყანამ- შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ – მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი