ხელოვნება

იკორთის აღდგენის დაწყებას “ლურჯი ფარის კომიტეტი” გამოეხმაურა

10 მაისი, 2013 •
იკორთის აღდგენის დაწყებას “ლურჯი ფარის კომიტეტი” გამოეხმაურა

“ლურჯი ფარის კომიტეტმა” იუნესკოს, ევროსაბჭოსა და ლურჯი ფარის საერთაშორისო ასოციაციას გუშინ, 9 მაისს, წერილით მიმართა:

 

“თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური პირების იკორთის მონასტერს ეწვივნენ და ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმების შესახებ განაცხადეს. ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაცვითი ღონისძიებების გატარებით, რომელსაც “სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო” აჟღერებს,– ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

 

“ლურჯი ფარის კომიტეტი”, იკორთის მონასტრის გარდა, ტირის მონასტრის, გვერდას ტაძრის, ტიგვას ეკლესიებზეც ყურადღებას ამახვილებს. კომიტეტის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები წინა წლებში აღნიშნულ ძეგლებზეც მიმდინარეობდა.

 

“დაგეგმილ პროექტებში ანგარიშგასაწევი გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც აღნიშნულ ტაძრებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, უნდა იყონ ჩართული. აღნიშნული ძეგლების ისტორიასა და მათი კონსერვაციისთვის  გადადგმულ ნაბიჯებზე აუცილებელი ინფორმაციის არქონა, ხარისხიანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს,”– მიაჩნია კომიტეტს.

 

“ლურჯი ფარის კომიტეტი” “სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 27 აპრილს სამხრეთ ოსეთის პრემიერ- მინისტრი ალა ჯიოევა, კულტურის მინისტრი მაჰარბეგ კოკოევი ცხინვალის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იკორთის მონასტერს ეწვივნენ.

 

რეს–ის ცნობით, ღონისძიება სამხრეთ ოსეთის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.

 

“ეს ძეგლი ქრისტიანული ეპოქის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია და ჩვენი ამოცანა მისი დაცვაა,– განაცახდა კოკოევმა.

 

ნელი ტაბუევამ, კულტულურ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, – “ეს ადგილი ავირჩიეთ იმიტომ, რომ ტაძარი კარგად გამოიყურება, თუმცა რეალურად ის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. ხუთ წელიწადში ის ნანგრევებად იქცევა.”

 

მისივე თქმით, ეკლესიის ფანჯრებს სპეციალური ბადით დაფარავენ, რათა ჩიტებისა და ღამურების ექსკრემენტებმა ეკლესიის ინტერიერი არ დააზიანოს.

 

რეს–ის ინფორმაციით, ეკლესიის აღდგენა 2014–2017 წლების სოციო–ეკონომიკური განვითარების გეგმის ნაწილს შეადგენს.

 

იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (1172) 1999 წლიდან “100 ყველაზე დიდი საშიშროების მქონე ძეგლთა” ნუსხაშია შეტანილი. მსოფლიო ძეგლთა ფონდის ინფორმაციით, 1991 წლის მიწისძვრის მიერ დაზიანებული ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხა რამდენჯერმე გადაირიცხა.

 

მსოფლიოს ძეგლთა ფონდის ინფორმაციით, ეკლესიის გუმბათი იყო ჩამონგრეული, საყრდენი ბურჯებიც იყო დაზიანებული, რაც ეკლესიის შენობის მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

 

1999 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა გამოყო 9890 აშშ. დოლარი პირველდაწყებითი სამუშაოსთვის: კვლევის ჩასატარებლად, ტაძრის აღნუსხვისა და დიზაინის შექმნისთვის.

 

2000 წელს იმავე ფონდმა ტაძრის აღდგენისთვის 65, 080 აშშ დოლარი გაიღო. 2001 წელს სამუელ კრესის ფონდმა, მსოფლიოს ძეგლთა დაცვის ფონდის შუამავლობით,  ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 60 ათასი აშშ. დოლარით დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი