ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ყოფილმა თანამშრომელმა, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პაროდირებით ცნობილმა გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია 29 აპრილს გამართა, რომელზეც ვანო ჯავახიშვილი და “კომედი შოუს” ხელმძღვანელობა თანამშრომლების სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნაში დაადანაშაულა.
მსახიობის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე “კომედი შოუში” პრეზიდენტის პაროდირებას ტაბუ დაედო, ვანო ჯავახიშვილმა კი მას პირად საუბარში განუცხადა, რომ პრეზიდენტის პაროდია მოძველდა.
ვანო ჯავახიშვილი პრეზიდენტის პაროდისტის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, აფციაური სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ და პაროდისტმა თავისი ნებით გადაწყვიტა წასულიყო გუნდიდან, რადგან “გაუჩნდა ამბიციები, რომ შოუ-პროექტი, რომელიც ერთად გავაკეთეთ, იყო მისი”.
“კომედი შოუს” ხელმძღვანელისვე ცნობით, პრეზიდენტის პაროდირებაზე შეზღუდვა შოუში არასდროს ყოფილა:
“პირიქით, ყოველთვის დიდი დოზით იყო. ჯერ ერთი, სიტყვა ტაბუ ძალიან ცუდი სიტყვაა და ჩვენ ამ სიტყვას არასდროს ვხმარობთ, ჩვენ ვაკეთებთ სასაცილო რაღაცებს”.
“კომედი შოუს” ხელმძღვანელის მტკიცებით, გიორგი აფციაური “კომედი შოუში” 2011 წლის შემდეგ არ მოიაზრებოდა, ის გადაცემა “თქვენ შოუს” (ეთერში 2011 წლის მაისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე) ედგა სათავეში, რომელიც, ჯავახიშვილის თქმით, პაროდისტმა “კომედი შოუს წაართვა”.
“პრეზიდენტის პაროდისტს ჩვენ 2011 წლის შემდეგ ვეძებთ და ამისთვის ძალიან ბევრი კასტინგი ჩავატარეთ,” – ამბობს ჯავახიშვილი. მისივე მტკიცებით, აფციაურთან კონტაქტი 2011 წლის შემდეგ არ ჰქონია, პაროდისტის აგრესია კი ახლა იმან განაპირობა, რომ “კომედი შოუმ” ახალი პაროდისტი, ქართლოს ნატროშვილი იპოვნა:
“ნატროშვილი მანამდე აფციაურთან იყო და მან პირადად დაბლოკა, რომ ჩვენამდე არ გამოეშვა. ამას დაადასტურებს ქართლოს ნატროშვილი და მისი (აფციაურის) გუნდის წევრებიც დაადასტურებენ,” – ამბობს “კომედი შოუს” ხელმძღვანელი.
ვანო ჯავახიშვილი შეხლა–შემოხლას ნიკა გრიგოლიას სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებითაც უარყოფს და აცხადებს, რომ მსახიობს კონფლიქტი თავის ქვისლთან, მიშა ანდღლაძესთან მოუვიდა 2012 წლის აპრილში, რის შემდეგაც გრიგოლია რამდენიმე თვის განმავლობაში აგრძელებდა სტუდიაში მუშაობას.

აცფიაურის ბრალდებები მსახიობების სამ–კაციან გუნდსაც შეეხებოდა – ამირან ჩოხარაძის, ლევან გოგორელიანისა და თემო მჟავიას სახით, რომელნიც აფციაურის – ახლანდელი პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის – თქმით, წამყვანობიდან მოხსნეს და სამსახურში მიუღებელი პირობები შეუქმნეს. მსახიობები ამჟამად ტელეკომპანია “ჯიდიესში” მუშაობენ.
“ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან, მათ ჩვენთან ჰქონდათ საკმარისად ნორმალური პირობები, თუმცა შესთავაზეს გაცილებით უკეთესი და გადავიდნენ. ხელფასი კი მხოლოდ თემო მჟავიას დააკლდა, რადგან ის რაღაც პერიოდში ძალიან არადისციპლინირებულად მოიქცა: სხვა ქვეყანაში გაუფრთხილებლად წავიდა და რამდენიმე დღე არ გამოცხადდა სამსახურში. დისციპლინასთან დაკავშრებით ის რამდენჯერმე იყო უკვე გაფრთხილებული,” – განმარტავს ჯავახიშვილი.
პრეზიდენტის პაროდისტმა, გიორგი აფციაურმა “კომედი შოუს” მიმართ ბრალდებებზე “რუსთავი 2″–ის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პირველად გუშინ, 29 აპრილს ისაუბრა.
“ეს არის სექტა, რომელიც ადამიანების ტვინებში ღიმილითა და სიცილით აღწევს და უბრალოდ ანაგვიანებს,” – აცხადებდა აფციაური.