თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, კოჯრის გზატკეცილის N13–ში სამშენებლო ან მიწის სამუშაოების დაწყების ნებართვა თბილისის მერიას არ გაუცია. კუნელაურის თქმით, ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის მიმდებარე, 33000 კვ/მ ფართობის ტერიტორია მთლიანად სს “ქართუ ჯგუფის” საკუთრებაა და ამ ტერიტორიაზე მდებარე ერთ–ერთი ძველი ნაგებობის რეკონსტრუქცია თბილისის მერიის ნებართვით 2011 წელს მოხდა.
აღნიშნულ შენობაში ამ დროისთვის განთავსებულია ტელეკომპანია GDS-ი. მშენებლობა, რომელიც ტელევიზიის გვერდით დაიწყო, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ცნობით, უკვე არსებული შენობის დამხმარე ნაგებობა უნდა იყოს, თუმცა მერიისგან ნებართვის აღების სამეტაპიანი პროცედურა დამკვეთს, ანუ “ქართუ ჯგუფს” გავლილი არ აქვს.
“ახლა უკვე ექსპლუატაციაში შესული შენობის დამხმარე შენობა–ნაგებობის მშენებლობა სურდათ ეწარმოებინათ. თუმცა ამ ნაგებობაზე ნებართვა გაცემული ჯერ არ გვაქვს”, – ამბობს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
მიწის სამუშაოები კი აღნიშნულ ტერიტორიაზე აპრილის დასაწყისში, მაშინ დაიწყო, როდესაც მერიას დამკვეთზე ჯერ მხოლოდ ე.წ. გაპი, ანუ არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება ჰქონდა გაცემული.
მალხაზ კუნელაურის თქმით, “გაპი” იძლევა ძირითად პარამეტრებს, ინფორმაციას მიწის კოეფიციენტებისა და მშენებლობის ნებადართული ფორმების შესახებ, “რის საფუძველზეც დამუშავებულ უნდა იქნას უკვე კონკრეტული პროექტი. ეს პროექტი უნდა დაამტკიცოს მერიამ. სამუშაოები კი უკვე ამის შემდეგ უნდა დაიწყოს”.
პროექტი ნაგებობისა, რომლის მშენებლობაც GDS–ის შენობის გვერდით იგეგმება, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, მერიაში 15 აპრილს არის შესული, “ქართუ–ჯგუფი – ნოდარ ჯავახიშვილის” სახელით.
10 აპრილს გაავრცელა”, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ფოტო მასალა პირველად 31 მარტს გავრცელდა ფეიბუკის ჯგუფის “საცხოვრებელი ყველას”
სამშენებლო სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა კი სოციალური ქსელის საშუალებით, გვერდზე “საცხოვრებელი ყველას”, 31 მარტს გავრცელდა. აპრილის დასაწყისში ბერა ივანიშვილის ერთ–ერთმა მენეჯერმა, თათია ხელაიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში სამუშაოების დაწყება დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხმის ჩამწერი სტუდიის მფლობელობაში შესული შენობების რეკონსტრუქცია დაიწყო.
“მშენებლობა არაკანონიერად, რა თქმა უნდა, არ მიმდინარეობს, დანარჩენს რაც შეეხება ნებართვას და ასე შემდეგ, კომენტარს არ ვაკეთებთ”, – განაცხადა ხელაიამ.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, კანონის თანახმად, მშენებლობის ნებართვა აუცილებელია მიწის სამუშაოების დასაწყებადაც. პროექტის დამტკიცებამდე მშენებლობის დაწყების შემთხვევაში სანქციების დაწესება თბილისის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ზედამხედველობის სამსახური რეაგირების მოხდენას ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, თბილისის მერია ოფიციალური წერილით ეხმაურება:
“ქ. თბილისში, კოჯრის გზატკეცილი სტელა-თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დღეის მდგომარებით არ მიმდინარეობს. დამატებით განვმარტავთ, რომ უნებართვო მშენებლობის წარმოება წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას და იწვევს “პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურის მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.”
ამჟამად სამუშაო პროცესი კოჯრის გზატკეცილი N 13–ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებულია. გაჭრილია კლდის მასიური მასივი და გაყვანილია ტრაქტორისა და სამშენებლო ტექნიკისთვის სამოძრაო გზაც.
“ტფილისის ჰამქრისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მშენებლობა თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე” – წერს “ტფილისის ჰამქარი” ფეისბუქის გვერდზე.
თუმცა თბილისის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, ყოფილი ბოტანიკური ინსტიტუტის მიმდებარე 33000კვ/მ ფართობის ტერიტორია კანონით მშენებლობისთვის ვარგისია და ნებართვის შემთხვევაში მშენებლობის წარმოება მასზე ნებადართულია.
ამჟამად უკვე ექსპლუატაციაში შესულია შენობის პროექტი, რომელშიც ტელევიზია GDS–ია განთავსებული (მთლიანობაში 4-სართულიანი შენობის 1 სართული მიწის ზევით არის, დანარჩენი 3 კი, მიწის ქვეშ. ობიექტის – არსებული შენობა- ნაგებობის რეკონსტრუქცია (სასტუმროს ფუნქციით) და მრავალფუნქციური გასართობი სამაყურებლო ცენტრი) თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებულია და მშენებლობის სანებართვო მოწმობა დამკვეთ სს “ქართუ ჯგუფზე” მერიას 2011 წლის 29 სექტემბერს აქვს გაცემული. მშენებლობის დაწყების თარიღად 2011 წლის სექტემბერია აღნიშნული, დამთავრების თარიღად კი 2013 წლის სექტემბერი.