ყველაფერი “შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს” წარმომადგენელთა ინიციატივით დაიწყო, რომლითაც მათ, მაშინ “ევროპის სახლის” თანამშრომლებს, თამუნა გურჩიანსა და მარინე მიზანდარს მიმართეს.
“მათ გამოთქვეს სურვილი, დაგვხმარებოდნენ გარკვეული პლატფორმის შექმნაში, რომელიც მხარს დაუჭერს საინტერესო წამოწყებებსა და ექსპერიმენტებს, როგორც თანამედროვე ცეკვაში, ისე ექსპერიმენტულ ხელოვნებაში და ამ სფეროების განვითარებას შეუწყობდა ხელს,” – ამბობს ფესტივალის დირექტორი თამუნა გურჩიანი.
იდეა კი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა შვეიცარიულ მხარეს შესთავაზა, თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალში მდგომარეობს, რომელიც, ამასთან, სამხრეთ–კავკასიური იქნება, ანუ საქართველოსთან ერთად ყველა აქტივობაში სომხეთი და აზერბაიჯანიც იქნება ჩართული.
“ევროპის სახლმა” მანამდე რამდენიმე პროექტი მიუძღვნა თანამედროვე ხელოვნებას. 2011 წლის გაზაფხულიდან ატარებდნენ ლექციების ციკლს თანამედროვე ბალეტზე. მაშინ ევროპის სახლის თანამშრომელი იყო კულტურის მინისტრის ახლანდელი მოადგილე მარინე მიზანდარიც, რომელიც თამუნა გურჩიანთან ერთად ამ ფესტივალის ერთ–ერთი ინიციატორია.
2012 წლის ზაფხულში მარინე მიზანდარმა თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია “პლატფორმა ცვლილებებისთვის” დააარსა, რომელიც სახელოვნებო პროექტების სოციალური ცვლილებების სამსახურში ჩაყენებას ისახავს მიზნად. სწორედ ეს ორგანიზაცია უდგას სათავეში “სამხრეთ–კავკასიური თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის” ორგანიზებასაც, თუმცა კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შემდეგ პროექტს გამოეთიშა.
თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალს არატრადიციული ფორმა და განრიგი აქვს, მისი ღონისძიებები მთელი 2013 წლის მანძილზეა გაწერილი, თუმცა პირველი წარმოდგენები და მასტერკლასები ივნისში ჩატარდება.
ცეკვა

2 ივნისსაა დაგეგმილი ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დასების საცეკვაო წარმოდგენები, რომელთაც ფესტივალმა წარმოდგენები შეუკვეთა და დაფინანსებაც მისცა. ივნისის დასაწყისში თბილისს თანამედროვე ბალეტის შვეიცარული დასიც ეწვევა და რამდენიმე მასტერკლასსაც გამართავს.
დაგეგმილია რუსი ქორეოგრაფის, ტატიანა ფატეევას მასტერკლასებიც. ერთი – ევროპის სახლში დამწყებებისა და მოყვარულებისათვის, მეორე კი – ოპერისა და ბალეტის თეატრის დასისთვის.
“მაგალითად, “გედების ტბას” ჩვენთან ოდითგან ერთნაირად ცეკვავენ. ევროპაში კი უკვე სულ სხვა ინტერპრეტაციები იდგმება. ცხოვრება იცვლება, შესაბამისად, იცვლება ცეკვაც”, – ამბობს ფესტივალის დირექტორი.

ფესტივალის ძირითადი სივრცე სამეფო უბნის თეატრი და ევროპის სახლია:
“სამეფო უბნის თეატრი კარგად გამოხატავს თანამედროვე ცეკვის არსსაც. თეატრი ძველ ნანგრევებს ეფუძნება და მასზე ახალი, თანამედროვე ნაგებობაა დაშენებული. თანამედროვე ცეკვაც ასეთია – კლასიკური ბალეტის ტრადიციებს ეფუძნება, მასზე ექსპერიმენტის დამატებით რაღაც ახალს ქმნის” – განმარტავს სივრცის არჩევის გადაწყვეტილებას თამუნა გურჩიანი.
წარმოდგენაში საქართველოდან გიორგი ალექსიძის ქალიშვილის, მარიამ ალექსიძის დასი მიიღებს მონაწილეობას. ერთ–ერთი საცეკვაო წარმოდგენა კი, რომელსაც ლელა ჭინჭარაული ხელმძღვანელობს თეატრისა და საგამოფენო სივრცის გარეთ, ვერის ბაღშიც არის დაგეგმილი.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ out-door ღონისძიებებს შორის, აგრეთვე, ერთ–ერთი უმთავარესი გრაფიტისთან დაკავშირებული გეგმებია.
გრაფიტი
თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალმა 5 აპრილიდან განაცხადების მიღება დაიწყო – ყველას, ვინც დაინტერესებულია გრაფიტითა და “სთრით–არტით”, შეუძლია ფესტივალის ორგანიზატორებს თავისი იდეა გაუგზავნოს. მერიასთან სამუშაოდ ადგილის შეთანხმებასა და საორგანიზაციო ნაწილს, მათ შორის სამუშაო მასალის მიწოდებასაც, ფესტივალის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.
გრაფიტით ხატვამ, ზოგადად საკმაოდ “მავნებლურმა” ხელოვნებამ, ფესტივალის ფარგლებში ლეგალური ჩარჩოები უნდა მოიპოვოს.

“იმედია მერია გრაფიტიზე თანხმობას მოგვცემს,” – ამბობს თამუნა გურჩიანი.
თუ ეს ასე მოხდა, ივნისის დასაწყისში თბილისში რამდენიმე კედელი მოიხატება. 2 სომეხ, 2 ქართველ და 2 აზერბაიჯანელ არტისტს რეკომენდაციებს ბელგიიდან სპეციალურად მოწვეული ქართული წარმოშობის არტისტი ზურა მიქაბერიძე გაუწევს. ზურა ბელგიაში აქტიურად მოღვაწეობს გრაფიტის სფეროში და თამუნა გურჩიანის თქმით, მონაწილეებს თავის გამოცდილებას გაუზიარებს სხვადასხვა ტექნიკებსა და საღებავების გამოყენებასთან დაკავშირებით, – “ჩვენთან ხომ გრაფიტის ტრადიცია თითქმის არ არსებობს”.
გრაფიტისტების მოსაძიებლად და “აღმოსაჩენად” სომხეთსა და აზერბაიჯანში ორგანიზატორები უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.

ფესტივალის პროგრამის ივნისის შემდგომი ნაწილი ჯერ კიდევ დაკომპლექტების პროცესშია. სექტემბერში უკვე დაგეგმილია გიორგი ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თანამედროვე ცეკვის სიმპოზიუმი, რომლის სტუმრებიც, თამუნა გურჩიანის თქმით, “იმსჯელებენ იმაზე, თუ საერთოდ რატომ უნდა ვიცეკვოთ თანამედროვე ფორმებითა და ტექნიკებით”. დეკემბერისთვის კი ფესტივალი უკვე მზად იქნება აზერბაიჯანელ და სომეხ კურატორებთან პარტნიორობის შედეგად ექსპერიმენტული ხელოვნების გამოფენებს დაუთმოს დრო და სივრცე.
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტი სფერო მოექციათ ფესტივალის ფარგლებში, მოკრძალებული ფინანსური და ადამიანური რესურსების პირობებში.
ფესტივალის ხარჯების 80%–ს შვეიცარიული მხარე აფინანსებს. შვეიცარიის განვითარების სააგენტომ ფესტივალს 100 000 ფრანკი უკვე გამოუყო (174.000 ლარი). ორგანიზატორებს მხარდაჭერა 3 წარმოდგენის დაფინანსებით გამოუცხადა თბილისის მერიამაც (4500 ლარი), ფესტივალი მხარდაჭერისთვის მალე კულუტურის სამინისტროსაც მიმართავს (47 000 ლარი).
თამუნა გურჩიანის თქმით, ეს ფესტივალი საფუძვლის მომზადებაა იმისათვის, რომ შეიქმნას გარკვეული პლატფორმა ან ცენტრი თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნებისათვის, რომელიც სისტემატურად მოიძიებს თანხებს გარკვეული წარმოდგენების მხარდასაჭერად და დასაფინანსებლად:
“მიგვაჩნია და ვხედავთ, რომ გამოხატვის ახალი ფორმების მიმართ დიდი მოთხოვნილებაა. მათ კი, ვინც ექსპერიმენტებს ახორციელებს, წარმოჩენა და მხარდაჭერა სჭირდებათ”.
“ვფიქრობთ, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოებაც რაღაც სიახლეს ითხოვს. ეს სიახლე კი, ჩვენი აზრით, რაც უფრო ფართოდ მოედება ხელოვნებისა და კულტურის სფეროებს, მით უფრო დიდ ცვლილებებს გამოიწვევს სოციალურ სისტემასა და აქტივობებში”, – ამბობს თამუნა გურჩიანი, – “ჩვენ თანამედროვე ხელოვნებასა და ცეკვას ვხედავთ, როგორც მექანიზმს ცვლილებებისაკენ”.

