თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით მოეწყო.

სწორედ ახალი სივრცეების ათვისების დეფიციტი დაისახა ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ქართულ სათეატრო სივრცეში “მრგვალ მაგიდაზე”,  რომლის მომხსენებლებიც თანამედროვე ევროპული თეატრის გამოცდილების პრეზენტაციასთან ერთად თანამედროვე ქართული სათეატრო სივრცის პრობლემებს განიხილავნენ.

თეატრმცოდნე ლევან ხეთაგურთან ერთად ვრცელი მოხსენებებით ძმები – მხატვარი დავით ჯანიაშვილი და კომპოზიტორი გიორგი ჯანიაშვილი გამოვიდნენ.

თანამედროვე კინო და თეატრალური ხელოვნების სინთეზური ბუნების სადემონსტრაციოდ აჩვენეს ჟან ფაბრის, რომეო კასტელუჩისა და რობერტ უილსონის შემოქმედების ვრცელი ვიდეო–პრეზენტაცია, აგრეთვე, ნაწყვეტები პიტერ გრინუეის, ალეხანდრო ხოდოროვსკისა და დერეკ ჯარმენის ფილმებიდან. ნაჩვენები იყო  ძმები ჯანიაშვილების ერთობლივი სინთეზური ნამუშევარი SACRIFICE The Static Drama.

“ეს არის არა მხატვრის არამედ მაყურებლის თეატრი, რომლის თემის დაბადება და დრამატული გადაწყვეტა ხდება მაყურებლის გონებასა და წარმოსახვაში,” – განმარტავს დავით ჯანიაშვილი. ავტორი კი ამ შემთხვევაში ქმნის ახალ სივრცეს, სადაც ამ წარმოსახვის წახალისება ვიზუალურ და აუდიოზემოქმედებასთან ერთად სუნისა და შეხების შეგრძენების საშუალებით ცდილობს.

“დასავლური თეატრი სრულიად სხვაგან არის მაშინ, როცა ქართული თეატრი კლასიკურ სტადიაზე დარჩა,” – ამბობს თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური. მისივე შეფასებით, ქართული თეატრი მსოფლიო კონტექსტში საუკუნის დასაწყისში უფრო იჯდა, რის მაგალითადაც კოტე მარჯანიშვილის შემოქმედება მოჰყავს, რომლის სახელთან, თეატრმცოდნის განცხადებით, ქართული თეატრის ევროპასთან თანადროული განვითარებაა დაკავშირებული.

“ახალგაზრდა რეჟისორები არ ცდილობენ აითვისონ ახალი სივრცეები” – ამბობს კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზურაბ გეწაძე. მისთვის გაუგებარია ახალკურსდამთავრებული რეჟისორების მისწრაფება, პირველივე სპეტაკლი რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დადგან.

ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ღონისძიება კი ქართულ თეატრში ახალი, თანამედროვე ფორმების გამომუშავების წახალისებასა და თანამედროვე სათეატრო სივრცის შექმნაზე დიალოგის დაწყებას ემსახურება.

ხელოვნების კვლევითმა ინსტიტუტმა საზოგადოებას ახალი მულტიმედიური პროექტის  შესახებაც ამცნო, რომელშიც წვლილის შეტანის მსურველებსაც შეუძლიათ კვლევით ინსტიტუტს მიმართონ. “ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, ჩვენ როგორ ვუპასუხოთ ახალი ფორმით იმ რეალობას, რომელიც არსებობს განვითარებულ ცენტრში. ჩვენ კი, შესაძლოა, პროვინციული გარემო არ ვართ, მაგრამ პერიფერიულ ნაწილად ვრჩებით” – აჯამებს დისკუსიას თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური – “მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე მაყურებელს ამ ფორმის ხილვა მოუნდება, რადგან ეს თეატრი ისეთივე ინტერაქტიულია, როგორც ცხოვრება”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *