გამოფენა იმ პროექტების ნაწილია, რაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ამ პროექტებს SIDA( შვედური საერთაშორისო განვითარების სააგენტო) კურირებს. ხელოვნების ნიმუშები იძლევა იმის საშუალებას, გაიდოს ხიდი საზოგადოებებს შორის, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს პერსონალურ და აქედან გამომდინარე კულტურულ განვითარებასაც.
პროექტი Nordic Art Between Miracles წელიწადნახევრის წინ დაიგეგმა და თავი მოუყარა ჩრდილოეთის ქვეყნების საინტერესო და გამოცდილ მხატვრებს, მაგალითად, ჯოზეფინა პოშს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებში. მათ შორის პერსონალური გამოფენით „Sweden to china“ გოტენბერგის Gallery 54-ში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ვენეციის 52-ე ბიენალეზე. იგი გამოფენის კურატორიც გახლავთ ლესლი ჯონსონთან ერთად. მისი ნამუშევრებიც სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში და საჯარო სივრცეებშია წარმოდგენილი. მას მინიჭებული აქვს შევედეთის ხელოვნების საბჭოს, გნისტანის საზოგადოების და Residencia Internacional de Artistas en Argentina- ის ჯილდოები.
„თანამედროვე ხელოვნება დროსთან მიმართებაში იქმნება, “- ამბობს ვატო წერეთელი. ხელოვანები კი თავიანთი ნამუშევრებით დღევანდელ გარემოს პასუხობენ. ისინი ხშირად იყენებენ მასმედიის ენას, რომელიც ისეთ ადამიანებსაც კი, ვისაც არა აქვს შესაბამისი განათლება, აძლევს საშუალებას, აღიქვას თანამედროვე ხელოვნება. გამოფენა „სკანდინავიური ხელოვნება საოცრებათა შორის“ თავისი იდეით სწორედ თანამედროვეობაში ხელოვანის როლის განსაზღვრაში ორიენტირებს.
საშა ჰუბერი, გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, ვიზუალური არტისტია. საკუთარ თავს კარიბიელების დიასპორას მიაკუთვნებს და იკვლევს, თუ როგორ ახდენს წარმომავლობა გავლენას მისი პიროვნული და არტისტული იდენტობის კონსტრუირებაზე. მისი აქტივობა კოლონიალიზმის ისტორიულ უსამართლობას უკავშირდება. გამოფენაზე წარმოდგენილი აქვს ვიდეო სახელწოდებით Haiti Chérie (ჩემო საყვარელო ჰაიტი). 2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ შექმნა პროექტი, რომელშიც ჰაიტის დროშის ფერებში გამოწყობილი „თოვლის ანგელოზებია“ წარმოდგენილი, როგორც სიმბოლო გლოვის, დაკარგული სიცოცხლის, სოლიდარობისა და იმედის. ნაკვალევი თოვლში არა მარტო ფეხით, მთლიანად სხეულითაც ჩნდება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც მრავლდება და შორ კადრს რამდენიმე სწორ მწკრივად ავსებს. ვიდეოს თან ახლავს ჰაიტელების მეორე ჰიმნად წოდებული სიმღერა. “მე ვუსმენდი ამ სიმღერას ბავშვობაში, როდესაც ვსტუმრობდი ჩემს ოჯახს ჰაიტიზე,“- ამბობს საშა ჰუბერი. ნამუშევარი სწორედ ამ სიმღერით არის შთაგონებული და იმ შებოჭილობას და ტკივილს გამოხატავს, რომელსაც დღესაც განიცდის.
„ჩვენ ხშირად გვავიწყდება ის ფაქტი, რომ მხოლოდ ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე. როგორც არ უნდა ვეცადოთ ჩვენი გარემოს მითვისება-დამუშავებას, ჩვენი კონტროლისა და აღქმის საზღვრებს მიღმა, მიწის ქვეშ თუ ჰაერში, მუდმივი მოძრაობაა.“ რაც უფრო ცდილობენ ადამიანები ბუნებისგან იზოლირებულად ცხოვრებას, მით უფრო აღიზიანებთ მათ სივრცეში სხვადასხვა ბინადრის შემოჭრა. ეს არის ბრაინდის სნებიორნსდოტირის და მარკ ვილსონის ნამუშევრების კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს კედელზე გამოფენილ რამდენიმე სურათს ერთმანეთში გადახლართული ცხოველების ჩრდილებით და მუყაოსგან გამოჭრილ სხვადასხვა ცხოველის ფიგურებს.
“გთხოვთ, შეეხეთ ხელოვნებას“. ეს უცნაური წარწერა საგამოფენო სივრცის ერთ-ერთი ოთახის კედელზეა, აქვე დამთვალიერებელს სილიკონის ორი სკულპტურა ხვდება, ჯოზეფინა პოშის შემოქმედება [crowdsourced] Ghost of a former self. ავტორის მთავარი მოთხოვნაა, დამთვარიელებელმა თავისუფლად იგრძნოს თავი და საკუთარი წარმოდგენების მიხედვით ადგილი შეუცვალოს სკუპლტურებს. კამერა კი სტუმრების მიერ შექმნილ სხვადასხვა ინსტალაციებს აფიქსირებს. ნამუშევარი, რომელიც სკულპტურულ ელემენტებს და ციფრული მედიის საშუალებებს აერთიანებს, გულისხმობს სხეულის მატერიალურ და მეტაფორულ როლს თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში, რომელიც ასევე კავშირშია მაყურებლის რეაქციასა და ინტერაქციასთან.
პროექტი „სკანდინავიური ხელოვნება საოცრებათა შორის“, რომელიც გამოფენის გარდა სხვადასხვა სემინარებსა და აქტივობებსაც გულისხმობს, საშუალებას იძლევა ჩრდილოეთის ქვეყნების ხელოვანებმა საკუთარი გამოცდილება ქართველებს გაუზიარონ.
გამოფენა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში 1 თვის მანძილზე გაგრძელდება.