ხელოვნება

აპოლიტიკური “არა ოკუპაციას”

21 თებერვალი, 2013 •
აპოლიტიკური  “არა ოკუპაციას”

ჩვენი თავისუფლება – არა ოკუპაციას
ჩვენი თავისუფლება – არა ოკუპაციას

ვიდეომიმართვების ავტორი და აქციის ორგანიზატორია ორგანიცაზია “ჩვენი თავისუფლება”, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კამპანიისთვის „არა ოკუპაციას“.

ინიციატივა აჩიკო გულედანს, თამარ კვაშალსა და გოგი ქავთარაძეს ეკუთვნით.  ამბობენ, რომ  11 ვიდეორგოლიც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 25–ამდე საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით  3 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით დაამზადეს.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ახლა ისეთი მესიჯების გამეორება, როგორიცაა “არა ოკუპაციას” ან  ქვეყნისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობის შეხსენება, გულედანი აცხადებს:  

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ახლა უფრო აქტუალური გახდა ამ მესიჯების გაჟღერება, თუმცა არ მინდა ამ ინიციატივას პოლიტიკური შეფასება მივცე“.

ამასთან, გულედანისვე თქმით, ვიდეოკლიპებში სხვადასხვა კონფესიის ხალხი მონაწილეობს, სხვადასხვა პროფესიისა თუ შეხედულებების ადამიანი:

„არა ოკუპაციას“ კი არის მესიჯი, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, ყველას უნდა გვაერთიანებდეს“.

კამპანიის ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ ბაბუნაშვილის თქმით, 25 თებერვლის თარიღთან დაკავშირებით ბევრს დამოუკიდებლად გაუჩნდა სურვილი, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინა.

„პირადად მე მგონია, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ძლიერი მესიჯი და პოზიცია უნდა იყოს  ხელისუფლების და, რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან. საზოგადოების რაღაც ნაწილმა კი თავი შეიკავა ასეთ ცალსახა საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისაგან, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია“.

“ჩვენი ინიციატივით 100–ზე მეტ მსახიობს, სპორტსმენს, მუსიკოსსა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს მივმართეთ, როგორც ასაკოვნებს, ისე ახალგაზრდებს. გვსურდა პროექტში  სხვადასხვა სეგმენტი ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ძალიან ბევრმა პროექტში მონაწილეობაზე სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა”. – აცხადებს ერთ–ერთი ორგანიზატორი თამარ კვაშალი.

მისი თქმით, მათ, ვინც პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ. 

ვიდეომიმართვების ერთ-ერთი მონაწილის ქეთათო ჩარკვიანის აზრით, როდესაც დღეს საქართველოს ტერიტორიების 1/5 ოკუპირებულია, ამის დაფიქსირება თითოეული მოქალაქის მოვალეობაა და საზოგადოებისთვის ოკუპაციის თემა ნებისმიერ დროს თანაბრად აქტუალურია. ქეთათო ჩარკვიანი ამავე დროს  მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზირების უალტერნატივობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს:

“თუმცა ეს ქვეყნის ინტერესების, ეგზისტენციისა და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.“

ორგანიზაციის  “ჩვენი თავისუფლება”  ინიციატივას  “არა ოკუპაციას” მხარი საქართველოს დეოკუპაციის ცენტრმა დაუჭირა. კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო ეს კამპანია დღეს, ცენტრის ხელმძღვანელი გია თორთლაძე აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებებით, ეკონომიკური ურთიერთობის დაწყებით, ოკუპაციის კანონის ცვლილებითა და  თავდასხმით დეოკუპაციის ცენტრზე [ასე უწოდებს გია თორთლაძე მის ორგანიზაციაში საგამოძიებო ორგანოების წარმოამდგენლების შესვლას] საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა:

„როდესაც ოკუპანტის მიმართ ამგვარ პოლიტიკას ახორციელებ, ამას ოკუპანტთან თანამშრომლობა ჰქვია. ამიტომ კიდევ ერთხელ გახდა საჭირო, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მტერთან თანამშრომლობა არის კოლაბორაციონიზმი და ჩვენი ქვეყანა დღეს არის ოკუპირებული“.

დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საზოგადოების ყველა ფენა მუდმივად უნდა იყოს ჩასაფრებული, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს იმ მონაპოვრის დაკარგვა, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ  საქართველოს ოკუპაციის აღიარებაა.

“ამ კანპანიაში (საქართველო ოკუპანტების გარეშე) ბევრი ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის მეც, თუმცა კლიპებში უმჯობესი იყო არაპოლიტიკოსების გამოჩენა.” – გია თორთლაძე.

თამარ კვაშალი და ვიდეომიმართვების დანარჩენი ინიციატორები პროექტის პოლიტიზების წინააღმდეგნი არიან. თამარ კვაშალის თქმით, „თუ ადამიანები კლიპებიდან მოიაზრებიან რომელიმე პოლიტიკურ  მხარესთან, ეს მხარე ყოველთვის იარსებებს, ისევე როგორც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები.“… „ჩვენ ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ, რომ დაგვენგრია ეს (პარტიული) სტერეოტიპი“.

„ჩვენი თვისუფლების“ აქციას, რომელიც  25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 19:00 სთ-ზე დაგეგმილი კონცერტით გაგრძელდება, აპარატურით თბილისის მერია უზრუნველყოფს.  “მერიაში 20 თებერვალს შევიტანეთ წერილი ტექნიკური დახმარების თხოვნით – აცხადებს თამარ კვაშალი – „იქ დღის განმავლობაში უამრავი ასეთი წერილი შედის“.  პროექტის ორგანიზატორისთვის ამ ფაქტის პოლიტიზება იმ ნიშნის გამო, რომ თბილისის მერი გიგი უგულავაა, გაუგებარი და მიუღებელია:

„ისევ და ისევ ძალიან ხელოვნურად ხდება ხაზის გავლება ადამიანებს შორის პოლიტიკური ნიშნით, რაც ძალიან სამწუხაროა“ . 

25 თებერვლის საღამოს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: Green Rooom, ქეთათო, ლადო ბურდული, ZurGi, LOUDspeakers, Z for Zulu, The Balloon Shooters, “ვიტამინი”, Mellow, Lady Heroine, The Jetbird, “კონტრაბანდა” და “წერილი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი