ხელოვნება

ოთარ იოსელიანი ეროვნული კინოცენტრის მხარდასაჭერად წერილს ავრცელებს

29 იანვარი, 2013 •
ოთარ იოსელიანი ეროვნული კინოცენტრის მხარდასაჭერად წერილს ავრცელებს

“ვინაიდან მე ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევნებს ვერ დავესწრები, ჩემს კოლეგებს მინდა შევატყობინო შემდეგი:

ვფიქრობ, ბოლო ათეული წლების განმავლობაში მომხდარი ქართული კინემატოგრაფიის აღორძინება უეჭველი შედეგია ეროვნული კინოცენტრის მოღვაწეობის და მის მიერ საავტორო კინოს აქტიური მხარდაჭერისა.

უაღრესად დადებითად ვაფასებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გუნდის მოღვაწეობის შედეგებს. დღეისათვის კინოცენტრმა ფაქტიურად ჩაანაცვლა კინოკავშირის ფუნქციები, რომელიც უკვე სულ ცოტა 15 წელია, სრულიად უმოქმედოა.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კავშირში აღარ ტარდება კინემატოგრაფისტების შეხვედრები, ფილმების ჩვენება და განხილვა, ქართული კინონაწარმოებების წარდგენა საერთაშორისო არენაზე, უცხოელი კოლეგების მოწვევის დაფინანსება, ფესტივალების და სხვა ღონისძიებების მოწყობა…

ჩვენი კავშირი დიდი ხანია არ მონაწილეობს ეროვნულ კინოპროცესში, მან ვერ დაიცვა ჩვენი კინემატოგრაფიის ტექნიკური და მატერიალური ბაზა განიავებისაგან (ეს ეხება კინოსტუდიის შენობებს, კინოთეატრებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ლაბორატორიას, საამქროებს და ა.შ.). როგორც ვიცი, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში კავშირს ახალი წევრები არ შემატებია, ვინაიდან კავშირის წევრობამ ჩვენი კოლეგებისთვის აზრი დაკარგა.

დღეისათვის ყოველივე ამას წარმატებით უძღვება ეროვნული კინოცენტრი, რომლის მოღვაწეობა დიდად დააფასა “ევრიმაჟის“ გამგეობამ, რის შედეგადაც საკმაოდ ძნელი საზღვარი გადავლახეთ და გავხდით ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წევრი.

მე იმედს ვამყარებ კინოცენტრის “ევრიმაჟში“ გაწევრიანებას, რადგან ამ ორგანიზაციის ერთერთი მიზანი არის მცირე ქვეყნების კინემატოგრაფიული პროცესის განვითარების ხელშეწყობა.


არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართულ კინოზე თანხების გამოყოფა მოსკოვის კინოკომიტეტის ნებართვით ხდებოდა. “გოსკინო“ ამტკიცებდა სცენარებს, აკონტროლებდა ფილმების შინაარსობრივ და ფინანსურ მხარეს, “გოსკინო“ აქირავებდა კიდევაც ჩვენს ფილმებს რუსეთში და სხვა რესპუბლიკებში, ყიდდა საზღვარგარეთ, მოგების ნაწილს კი რუსულ და სხვა რეგიონალურ კინემატოგრაფიას ახმარდა. რა არის ეს, თუ არა კოპროდუქციის სისტემა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით?

ბოლო- ბოლო, ძლივს მოვიცილეთ თავიდან ამ დაწესებულების ქართულ ფილმებზე იდეოლოგიური და შემოქმედებითი მხარის კონტროლი.

როგორც დავაკვირდი კინოცენტრის საქმიანობას, მისი დირექტორი თამარ ტატიშვილი არც ერთი კლანის დიქტატს არ ემორჩილებოდა. მე მას ვაფასებ, როგორც განათლებულ და საქმის მცოდნე ხელმძღვანელს და მხარს ვუჭერ მის ამ პოსტზე მუშაობის გაგრძელებას.

ცნობისთვის, გავიხსენოთ –

ჩვენი ეროვნული კინოცენტრი შექმნილია და ფუნქციონირებს საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის გამოცდილების საფუძველზე.

საფრანგეთის საავტორო კინოს მხარდაჭერის სისტემა ევროპაში უნიკალურია – ფილმების პროექტები განიხილება ცენტრის მიერ დანიშნული კომისიების მიერ. კომისიების შემადგენლობა იცვლება ყოველ ორ წელიწადში. ამ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცენტრი ფინანსურად მონაწილეობს თითოეული აღიარებული პროექტის ბიუჯეტის თანხის 25 – 30 პროცენტის ფარგლებში, რაც არსებული წესით არ ცილდება 300000 ევროს, ხოლო იშვიათ შემთხვევაში მაქსიმალური თანხა აღწევს 500000 ევროს.

ვინაიდან აღნიშნული თანხა ფილმის წარმოებისთვის არ არის საკმარისი, ევროპული კინოს მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ორგანიზაცია “ევრიმაჟი“ აფინანსებს ფილმებს იმ პირობით, რომ როგორც მინიმუმ კიდევ ერთი ქვეყანა მონაწილეობს ამა თუ იმ ფრანგული ფილმის წარმოებათი, რაც დამატებით შეადგენს ფილმის საერთო ბიუჯეტის 20 – 25 პროცენტს.

ამის გარდა, ფრანგული ტელევიზია ვალდებულია მიიღოს ფულადი მონაწილეობა (მინიმუმ 10-15 პროცენტით) კინოცენტრის მიერ წარდგენილ პროექტებში. ყოველივე ამას ემატება რეგიონების, ბანკების და სხვა წყაროების ფინანსური მონაწილეობა.

ფრანგული ეროვნული ცენტრის ფინანსური წყარო არის ყველა ფილმის ფრანგულ კინოთეატრებში და ტელევიზიით კომერციული ჩვენების შედეგად გამქირავებლების (დისტრიბუტორების) მიერ მოგებული თანხის 11 პროცენტი.

სახელმწიფო ფილმების წარმოების დაფინანსებაში არ მონაწილეობს. სამაგიეროდ, დამთავრებული ფილმის შექმნაზე დანახარჯის შეჯამების შემდეგ, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო პროდუსერებს უნაზღაურებს კინოინდუსტრიის (აპარატურა, ლაბორატორია, ტექნიკოსების ხელფასი…) მონაწილეობაზე დახარჯული თანხის 20-30 პროცენტს.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მონაწილეობა ფილმების შექმნაში თანხობრივად იმდენად მცირეა, რომ საფრანგეთის საკმაოდ ძლიერი კინოწარმოების სისტემა სხვა ქვეყნების და ევრიმაჟის მონაწილეობას გვერდს ვერ აუვლის, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საავტორო და დამოუკიდებელი კინოს სფეროს.

მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას – საფრანგეთის კინოცენტრის კომისიის მიერ ფილმების სცენარების დამტკიცების კატეგორიული პირობა არის ის, რომ ფილმი უნდა იყოს ფრანგული (დიალოგების არანაკლებ 70 პროცენტი მშობლიურ ენაზე).

ვშიშობ, ნაჩქარევი რეორგანიზაციის შედეგად არ დაიშალოს არსებული ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს დაწესებულება სერიოზულ და სამაგალითო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

პატივისცემით,

ოთარ იოსელიანი”

მასალების გადაბეჭდვის წესი