Epic შავი იუმორით გაჯერებული ფილმია დაბნეულ ბრიტანელ რეჟისორზე, რომელსაც კინოაკადემიის მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული. მას სტუმრად იწვევს ახლად დაარსებული სახელმწიფო კავკასიის ერთ-ერთ უცნაურ რესპუბლიკაში ეპიკური ფილმის გადასაღებად. ავტონომიურ რესპუბლიკას კარასტანი ჰქვია. მიიღებს რა რეჟისორი კარასტანიდან მოწვევას, მან ჯერ არ იცის, რომ მის ფერადოვან და მრავლისმომცველ კარიერაში ამ ვიზიტით ყველაზე გიჟური მოგზაურობა იწყება.
მსახიობთა ვარსკვლავურ ჯგუფში, რომელიც რეჟისორთან, ბენ ჰოპკინსთან და ფილმის სხვა შემქმნელებთან ერთად, 12 იანვარს “ჰოლიდეი ინში” გამართულ პრესკონფერენციასაც ესწრებოდა, შედის მთავარი როლის შემსრულებელი მეთიუ მაკფეიდენი , რომელიც ცნობილია დარსის როლით ფილმში “სიამაყე და ცრურწმენა” . აგრეთვე, ავსტრალიელი მსახიობი ნოა ტეილორი , რომელიც ფილმში კარასტანის დამაარსებლის როლს შეასრულებს.
ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი “ბილი ელიოტის”,“საათებისა” და “მკითხველის” ავტორი რეჟისორი სტივენ დალდრი იქნება.
გადაღებები თბილისსა და მის შემოგარენში 15 იანვარს დაიწყება და მოგვიანებით ახალციხეში გაგრძელდება.
“ეს არის კომედია გლობალიზაციასა და ერების ჩამოყალიბებაზე, სექსსა და ხელოვნებაზე, ფულის გათეთრებასა და სიყვარულზე”, – ამბობს ბენ ჰოპკინსი. ფილმში EPIC რეალობა აბსურდია, ჭეშარიტება სასაცილოა და სინამდვილე გასართობია. მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქვეყანაში, რომელიც ტიპური პოსტ-საბჭოთა სატელიტური სახელმწიფოა.”
ფილმის ავტორები და პროდუსერები ფილმის დასრულებას 2014 წლის ბერლინის კინოფესტივალისთვის გეგმავენ.