„პანორამა“ ფესტივალის არასაკონკურსო სექციაა, რომელიც საავტორო და კომერციული კინოს ინტერესების დაახლოებას ისახავს მიზნად. ეს სექცია მხოლოდ ევროპულ და მსოფლიო კინოპრემიერებს ეთმობა და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელგანთქმული, ასევე დებიუტანტი რეჟისორები.
„ჩემი საბნის ნაკეცი“ ეროვნული კინოცენტრის 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მისი წარმოებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდია 575 000 ლარს შეადგენს. ფილმის მოქმედება პატარა ქართულ ქალაქში ვითარდება. მთავარი გმირი, დიმიტრი, საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და სასამართლო სისტემაში იწყებს მუშაობას. სამსახურის ერთფეროვნების შემსუბუქებას თავისი გატაცებით, კლდეზე ცოცვით ცდილობს და ამ გზით მშობლიური ქალაქის კლაუსტროფობიულ გარემოს გაურბის.

ფილმში როლებს ასრულებენ: თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ზურა ყიფშიძე, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, გიორგი გიორგანაშვილი და, რაც განსაკუთრებულად აღსანიშნავია, ავთანდილ მახარაძე, რომელიც თავისი ცნობილი როლების შემდეგ- თენგიზ აბულაძის „მონანიებასა“ (1984) და მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეულში“(1992)- ისევ უბრუნდება ქართული კინოს ეკრანს.
ბერლინალეს ისტორიის მანძილზე ფესტივალმა სულ თხუტმეტამდე ქართულ ფილმს უმასპინძლა. პირველი გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო, რომელმაც 1986 წელს მთავარ საკონკურსო პროგრამაში ვერცხლის დათვი მოიპოვა. შემდეგ, 1992 წელს- მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული“, 1993 წელს კი, თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა ვერცხლის დათვით. სწორედ პროგრამა “პანორამაში” შედგა 1986 წლის ბერლინალეზე ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენება.
ბერლინის 63-ე კინოფესტივალი 2013 წლის 7-17 თებერვალს გაიმართება.