თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ირანელი რეჟისორი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოჰსენ მახმალბაფი იქნება. ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, ჟიურის შემადგენლობაში ასევე შევლენ: კრისტოფერ ჰემტპონი – ოსკაროსანი სცენარისტი და დრამატურგი, დიდი ბრიტანეთი. ნიკოლა ვადიმოვი – ტელე-კინორეჟისორი, შვეიცარია. დინარა დრუკაროვა – კინომსახიობი, რუსეთი/საფრანგეთი. ნიკა თავაძე – თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველო. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ 10 ფილმს საერთაშორისო ჟიური განსჯის და ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 8 დეკემბერს გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომელთაც ოქროსა და ვერცხლის პრომეთე გადაეცემათ საუკეთესო ფილმისა და რეჟისურისათვის.
ბილეთის ფასი ფესტივალის კინოსეანსებზე 2 ლარი იქნება. რაც შეეხება ფესტივალის მანძილზე ნაჩვენებ კინოფილმთა განრიგს, ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა ირანელი რეჟისორების, მახმალბაფების ოჯახი. საოჯახო კინოსკოლის დამფუძნებელი, მოჰსენ მახმალბაფი საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება. რეტროსპექტივა მოიცავს 4 ფილმს:
„მებაღე“ – მოჰსენ მახმალბაფის უკანასკნელი დოკუმენტური ფილმია, რომელშიც რეჟისორი რელიგიის დესტრუქციულობაზე სვამს კითხვას. ამ პროვოკაციულ ფილმში რელიგიის შესახებ ორი სხვადასხვა თაობის ადამიანის კარდინალურად სხვადასხვა შეხედულებაა წარმოდგენილი.