რეაბილიტირებული სვეტიცხოვლის ტაძრიდან და განახლებული ჯვრის მონასტრიდან ხედი არაგვის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობაზე იშლება: ჯვრიდან ნათლად ჩანს მზის გულზე აპრიალებული მწვანე შუშის თითქმის დასრულებული იუსტიციის სახლის შენობა, რომლის გვერდით, ასევე, მწვანე ფერის დაცვის პოლიციის შენობაა.
მოპირდაპირე მხარეს დიდი, შავი შუშით შემინული საქპატენტის შენობაა, მის გვერდით კი – ხის სამშენებლო მასალით დასრულებული სამხარეო ადმინისტრაციის შენობა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი ტყემალაძე ამბობს, რომ მცხეთაში კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, თუმცა კულტურის სახლის, მჭედელთა უბნისა და სხვა პროექტების რეალიზება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმ ტერიტორიას, სადაც ეს მშენებლობები უნდა განხორციელდეს, ლანდშაფტური ზონის სტატუსს მოუხსნის.
მცხეთაში ლანდშაფტურ ზონად 2006 წლიდან ჩამოყალიბდა იმ ძეგლების მიმდებარე ტერიტორია, რომლებსაც UNESCO იცავს. ამ ზონაში ყოველგვარი განაშენიანება აკრძალულია.
ლანდშაფტური ზონის შექმნის შესახებ ბრძანება 2006 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით მოხდა. არაგვის სანაპირო, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს სწორედ ამ ზონას განეკუთვნება.
“არსებობს გარკვეული სახის შეზღუდვები მცხეთის იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს. ამიტომ როცა ეს მშენებლობა იგეგმებოდა, ჩავაყენეთ საქმის კურსში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. იქიდან წერილი მივიღეთ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან ეს შენობები სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებია, გაიცემოდა ნებართვა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებისათვის,” – აცხადებს ლერი ტყემალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
წერილში, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მცხეთის გამგეობას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აკრძალულ ზონაში მშნებელობის ნებართვა გაიცემა, ვინაიდან შენობები, რომელიც იქ უნდა განთავსდეს, სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
სამინისტრომ განმარტა, რომ უნდა შეიცვალოს ქალაქის ზონირება და იმ ტერიტორიას, რომელსაც მინიჭებული აქვს ლანდშაფტური ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს რეგულირების ზონის (ზონა, რომლის განაშენიანება ნებადართულია) სტატუსი.
ჯერ-ჯერობით, ლანდშაფტურის ზონის ცვლილება ოფიციალურად არ მომხდარა, თუმცა სხვადასხვა სახის მშენებლობები ამ ტერიტორიაზე უკვე თითქმის დასრულებულია. ნებართვა მშენებლობის შესახებ მცხეთის გამგეობამ გასცა.
მცხეთის ისტორიული ძეგლები – სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი, ჯვრის და სამთავროს მონასტერი, არმაზციხე–ბაგინეთი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის III – IV კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მას 1994 წლიდან UNESCO იცავს. UNESCO-ს დაცულ ტერიტორიაზე კი ყველანაირი სამუშაო, რომელიც გატარდება, UNESCO-სთან უნდა იყოს შეთანხმებული.
UNESCO-ს 36 სესიის წინასწარ დასკვნაში წერია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთაში, რომელიც 2010 წელს დაიწყო, UNESCO–სთან შეუთანხმებლად მოხდა. ამავე დასკვნაში (F პუნქტში) საუბარია იმაზეც, რომ ახალი მშენებლობები მიმდინარეობს იმ არეალში, რომელიც არ უნდა განაშენიანებულიყო და ისტორიული პირველსახით უნდა აღმდგარიყო.
ამონარიდი UNESCO -ს 36 სესიის წინასწარი დასკვნიდან:
“2010 წლის მისიამ, რომელიც იმყოფებოდა მცხეთაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სენსიტიურ ტერიტორიას, რომელიც არსებობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, სვეტიცხოვლის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის. ტერიტორია, სადაც ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება, არ უნდა იყოს განაშენიანებული და უნდა აღდგეს ადგილის ისტორიული პირველსახით.
მიუხედავად ამისა, 2012 წლის მისიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, ადგილობრივ
წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, წამოიწყო რამდენიმე მშენებლობა სწორედ ამ ტერიტორიაზე. შენდება ახალი ადმინისტრაციული შენობა, პოლიციის შენობა და საკონფერენციო ჰოლი. აქვე იგეგმება ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც უკვე დამტკიცებულია”.
მცხეთაში მიმდინარე სარეაბილტაციო სამუშაოებით შეშფოთებულია საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბესარიონ მენაბდე. მისი განმარტებით, თუკი სახელმწიფო გააგრძელებს UNESCO-სთან შეუთანხმებელ მუშაობას, მაშინ შესაძლოა მცხეთას UNESCO-ს სიიდან ამოღების საფრთხე დაემუქროს.
“სამუშაოები მიმდინარეობს არა მხოლოდ UNESCO-სთან, არამედ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლადაც. UNESCO მოითხოვს, შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები, სანამ არ შეთანხმდება იგი იუნესკოთან. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იუნესკო ამოიღებს მცხეთას თავისი ნუსხიდან,” – ამბობს დეკანოზი ბესარიონ მენაბმდე.
ბესარიონ მენაბდის განმარტებით, სწორედ იმ ბრძანებულების მიხედვით, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ ერთობლივად გამოსცეს, მიმდინარე მშენებლობები უკანონოა.
რესტავრირებული მცხეთის მიმართ UNESCO რამდენიმე შენიშვნას გამოყოფს, ერთ-ერთი კი, არის ისეთი ახალი შენობების ჩადგმა მცხეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის იერსახეს არ შეეფერება.
36-ე დასკვნის (F) პუნქტში ნათქვამია, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის წინ აშენებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობა ქალაქი ისერსახესთან შეუსაბამოა. UNESCO, ასევე, განმარტავს, რომ რესტავრირებულ ტაძრებს აუთენტურობის პრობლემა აქვს.
რესტავრაციის ფარგლებში განახლდა სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრები, ასევე, სვეტიცხოვლის გალავანი, რომელზეც ახლა რამდენიმე კონდენციონერია მიმაგრებული.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის რელიეფის გადარჩენაზე “იკრომის” ქვის კონსერვაციის ექსპერტი საიმონ ვარაკი მუშაობდა.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, იყო თუ არა მცხეთის ტაძრების რეაბილიტაცია UNESCO –სთან შეთანხმებული, ვარაკი აცხადებს::
“ფორმალური შეთანხმება UNESCO– სგან გაცემული არ ყოფილა, თუმცა, უდაოა, რომ საკონსერვაციო სამუშაო შესრულებული იყო იმ მოთხოვნების მიხედვით, რომელიც UNESCO–ს აქვს.”
UNESCO -ს მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის და ქალაქის იერსახისათვის შეუსაბამო ხიდის აშენებისთვის 2009 წელს, UNESCO-მ მის მიერ დაცული ქალაქების სიიდან ამოიღო დრეზდენი, უფრო ადრე, 2007 წელს კი – ომანი.
UNESCO-ს 36-ე სესიის დასკვნაში, არ მიუცია გაფრთხილება საქართველოს მთავრობისთვის მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან შესაძლო ამოღების შესახებ, თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები UNESCO -ს დაკსვნებისა და რეკომენდაციების უგულებელყოფის შემთხვევაში.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |