ხელოვნება

15 ათასი თბილისელის მხარდაჭერის შემთხვევაში აღმოჩენილი უძველესი გალავანი აღდგება

22 აგვისტო, 2012 •
15 ათასი თბილისელის მხარდაჭერის შემთხვევაში აღმოჩენილი უძველესი გალავანი აღდგება

როგორც მერიაში აცხადებენ, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, ვებ-გვერდზე: www.chemitbilisi.com პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენის იდეას მხარი დაუჭიროს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს. იდეის განსახორციელებლად საჭიროა 15 000 თბილისელის მხარდაჭერა. ამ დროისთვის პროექტს 100-მდე თბილისელის მხარდაჭერა აქვს. 

 

“ისტორიული გალავანის რეაბილიტაცია თბილისს უფრო მიმზიდველს გახდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე ტურისტებისთვის. შენარჩუნდება ტურისტული, ღია სივრცე.  გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, შენობებთან დაკავშირება ხიდებით იქნება შესაძლებელი; ქვედა დონეზე მოეწყობა ინტეგრირებული სივრცე ტურისტებისთვის, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მისთვის სასურველ ინფორმაციას მიიღებს, როგორც კონკრეტული ტერიტორიის, ისე ზოგადად დედაქალაქის შესახებ,”- ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

 

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ აღმოჩენილი გალავანი 110 მეტრის სიგრძისაა, ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა ზომის ქვიშა-ქვასაგანით აშენებული კოშკია (გოდოლი) განთავსებული. ორ დიდ კოშკს (გოდოლს) შორის ე.წ. თბილისის ციხე-ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე – „დიღმის კარის“  არსებობა დასტურდება. კოშკის შიდა და გარეთა ნაწილებში აღმოჩენილია შუა საუკუნეების (XI-XIII სს) დროინდელი  მოჭიქული და ჩვეულებრივი კერამიკა, მინის სამჭერები, მონეტები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.

 

“პუშკინის ქუჩაზე არქეოლოგები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.  მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება გრუნტისგან, რათა  აღმოჩენილი გალავნის გოდოლები სისრულეში იქნას მოყვანილი. ისტორიული გალავნის, შენარჩუნების შემთხვევაში, მოხდება საავტომობილო გზის აღდგენა, რისთვისაც ამჟამად ეწყობა საყრდენი კედელი,”- ამბობენ მერიაში.

 

თუკი გალავანი აღდგა, მაშინ ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ხოლო თავისუფლების მოედნიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა  შესაძლებელი იქნება ასევე ცალმხრივად– რუსთაველის გამზირიდან, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით.

 

მერიაში აცხადებენ, რომ მოძრაობა აღდგება ასევე სოლოლაკში, ასათიანის ქუჩიდან თუმანიანი ქუჩის გავლით, მეიდნის მიმართულებით და განხორციელებული ცვლილებები აღნიშნულ პერიმეტრზე მნიშვნელოვნად  დაარეგულირებს სატრანსპორტო მოძრაობას.” 

 

სანამ მერია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი აცხადებდა, რომ გზის მშენებლობის სამუშაოების დაწყებამდე პროექტის საჯარო განხილვა უნდა მოეწყოს. 

 

“იმ შემთხვევაში, თუ ვერ გადაწყდა სწორად, რა ბედი ეწევა ამ ძეგლს და თუკი საუბარი დაიწყო ფრაგმენტულ შენარჩუნებაზე, ჩვენი აზრით, სჯობს, რომ მოხდეს ძეგლის რეკულტივაცია, ანუ დაიფაროს კვლავ მიწით იმ დრომდე, სანამ კარგი პროექტი არ შემუშავდება. ეს ყველაფერი დროის საკითხია და არ შეიძლება აჩქარება. ჯობია ეს პროცესი გაიწელოს, გამოცხადდეს კონკურსი და ტენდერის საფუძველზე აირჩეს კარგად გააზრებული პროექტი და არა გზადაგზა სინქრონულ რეჟიმში გაკეთდეს არქეოლოგიური გათხრებიც და ქუჩაც,”- აცხადებდა ელისაშვილი. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი