ხელოვნება

კორტესის კონცერტი არმანის კოსტუმებში

22 აგვისტო, 2012 •
კორტესის კონცერტი არმანის კოსტუმებში

კორტესი პუბლიკით კმაყოფილი დარჩა, მან მადლობა გადაუხადა მაყურებლებს კონცერტზე დასწრებისთვის:

 

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, ვფიქრობ, ფანტასტიკური შოუ იყო. იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩამოვალ კვლავ საქართველოში. პუბლიკით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი შოუ არის პუბლიკისთვის. როცა ვხედავ, რომ პუბლიკა კმაყოფილია, მაშინ შოუ უფრო ხანგძლივი გამოდის, ვიდრე გათვალისწინებულია. ბევრ იმპროვიზაციას ვაკეთებ, როდესაც ვხედავ, რომ ბედნიერია მაყურებელი. ეს ტურნე არის მსოფლიოს გარშემო, აქედან მივდივართ სამხრეთ ამერიკაში, ავსტრიაში და აფრიკაში, ყველა კონტინენტზე ვაჩვენებთ ამ შოუს.” 

 

კორტესი უფრო მეტხანს დარჩა სცენაზე, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. კორტესის იმპრესარიო საქართველოში, ანა ლაღიძე თვლის, რომ ეს იყო მისი მადლობა იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც საქართველოში დახვდა.

 

“ძალიან შთამბეჭდავი საღამო იყო, განსხვავებული იმათ შორის, რაც საქართველოში გვინახავს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ვნახავ, საოცარი ენერგია და ემოცია მოდიოდა სცენიდან, მუსიკა, გაფორმება, გარემო – არაჩვეულებრივი იყო,” – აღნიშნა თბილისელმა დამსვენებელმა ანი შეყილაძემ შოუს დასრულების შემდეგ.  

 

ლელა ლომთაძე ქუთაისიდან ამბობს, რომ საგანგებოდ ხოაკინ კორტესის კონცერტისთვის ჩამოვიდა ბათუმში:

 

“საოცარი ენერგეტიკა მოდიოდა სცენიდან, მისი ხელის აქნევაც კი ემოციით გვავსებდა, ყოველი ჟესტი იყო რაღაცის მთქმელი, ისტორიაც ძალიან კარგად წავიკითხეთ, ნაციონალური კორიდა, მებრძოლი ხარი და ტორეადორი. ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცერტს დავესწარი, იმედი მაქვს, ის კიდევ ჩამოვა საქართველოში.”

 

ხოაკინ კორტესმა წარმოდგენა სოლორეკვიემით და მთლიანად დასის მიერ “ცალე”- სთვის შესრულებული ფინალური ტანგოთი დაასრულა. 

 

კორტესმა სცენიდან რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ფოტო და ვიდეოგადამღებებს. ანა ლაღიძის თქმით, ეს შენიშვნა არაპროფესიონალი კამერით გადამღებ მაყურებელს ეხებოდა:

 

“ლაივზე შეთანხმებული ვიყავით, ეს შენიშვნა ეკუთვნოდა მათ, ვინც არაპროფესიონალური კამერით იღებდა. ძალიან ცუდია, როცა არ ითვალისწინებენ ამას და მერე ასეთი შესანიშნავი კონცერტის დამახინჯებულ ფირს   youtube-ზე წააწყდები.”

 

წარმოშობით კორდოველი (ესპანეთი) ფლამენკოს მოცეკვავის ახალი წარმოდგენა მისი შემოქმედებითი კარიერის რეტროსპექტივაა და აერთიანებს ექვს სასცენო შოუს, რომლებიც მან თავის დასთან ერთად ბოლო ოცი წლის განმავლობაში დადგა. ათი მოცეკვავის და თექვსმეტი მუსიკოსის თანხლებით კორტესი მაყურებელს  სთავაზობს ანთოლოგიურ ნაკრებს თავისი საცეკვავო შედევრებიდან, “cibayi,” “mi soledad”, “soul”, “pasion gitana”, “de amor y de odio” და “live”.

მასალების გადაბეჭდვის წესი