ხელოვნება

ოპერის თეატრის რეაბილიტაციას ისევ ივანიშვილი აფინანსებს

9 აგვისტო, 2012 •
ოპერის თეატრის რეაბილიტაციას ისევ ივანიშვილი აფინანსებს

ზურაბ ლომიძის თქმით, თეატრის რეაბილიტაციის პროცესის შეფერხება ივანიშვილის კომპანიების – “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” ქონების დაყადაღებას უკავშირდება. ეს კომპანიები კი ივანიშვილის კუთვნილ კიდევ ერთ ფირმას “ატუს” ჰყავდა დაქირავებული, რომელიც ახორციელებს ოპერის თეატრის რეაბილიტაციას თბილისში.

“კომპანია “ატუ” 2010 წლიდან ახორციელებს თეატრის რეაბილიტაციას. “ატუს” დაქირავებული ჰყავდა “ელიტა ბურჯი”, რომელსაც კონკრეტული დეტალების გაკეთება ევალებოდა. დაახლოებით სამი კვირის წინ სამუშაოების განხორციელება ორი კვირით შეფერხდა, რაც კომპანია “ელიტა ბურჯის” ანგარიშების დაყადაღებას უკავშირდებოდა. ამის გამო შესაძლოა თეატრის დასრულების თარიღმა გადაიწიოს”, – განაცხადა ზურაბ ლომიძემ. მისივე თქმით, ამჟამად გრაფიკი დადგინდა და სამუშაოები მეტნაკლებად გრაფიკის მიხედვით ხორციელდება, თუმცა გამორიცხული არაა, ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის დრო შეიცვალოს:

“ელიტა ბურჯს” პრაქტიკულად ცოტა სამუშაო დარჩა შესასრულებელი. დარჩა სარეპეტიციო დარბაზის ჭერის გაკეთება, სახურავზე პირამიდების მოწყობა და ხმის დამცველების გაკეთება. მეტი არაფერი. იმ შემთხვევაში, თუ “ელიტა ბურჯი” დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებს, ის სხვა კომპანიით შეიცვლება, თუმცა, არა მგონია, ასე მოხდეს”, – აცხადებს ზურაბ ლომიძე.

ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციას ასოციაცია “ატუ” 2010 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს, თავის მხრივ, “ატუმ” კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად კომპანია “ელიტა ბურჯი” დაიქირავა. კომპანიების დაფინანსებას “ქართუ ჯგუფი” უზრუნველფოფს.

15 ივლისს გორში გამართულ “ქართული ოცნების” აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში სარემონტო სამუშაოების შეჩერება კომპანიების “ელიტა ბურჯისა” და “ბურჯის” ანგარიშების დაყადაღების გამო მოინდომეს.

ორი დღის შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ ”ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელებას სახელმწიფო დააფინანსებს.”

თუმცა, როგორც “ატუში” აცხადებენ, მცირედი შეფერხების შემდეგ სამუშაოები კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თეატრის რეაბილიტაცია თავიდანვე “ქართუ ჯგუფის” ხარჯებით ხორციელდებოდა და ახლაც გრძელდება. შენობის სრული რესტავრაცია 2013 წელს უნდა დასრულდეს.

ოპერაში გარემონტდება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი. შენობა სპილენძის მასალით გადაიხურება, მოხდება გარკვეული ორნამენტების ოქროთი მოპირკეთება, ხოლო საბალეტო დარბაზისა და ფოიესთვის მარმარილო სპეციალურად იტალიიდან და საფრანგეთიდან ჩამოიტანეს.

2011 წლის დეკემბერში,  თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს” დაფუძნების ოფიციალური ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაციისთვის გიგი უგულავამ “ქართუ ჯგუფს” მადლობა გადაუხადა:

“მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მადლობა გადავუხადო ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც აფინანსებს სხვადასხვა ძეგლების რესტავრაციას, ამ შემთხვევაში ოპერას ვგულისხმობ. დარჩენილია საქმე, რომელიც ბევრ სიკეთეს მოიტანს და კარგია, რომ ამ სიკეთის შექმნაში “ქართუს” ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

2010 წელს ივანიშვილმა თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 2 337 600 ლარი გაიღო, რეაბილიტაციისთვის საჭირო სრული თანხის რაოდენობა კი უცნობია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების შემთხვევაში ოპერისა და ბალეტის თეატრში 2013 წლის სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერით” უნდა გაიხსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი