ხელოვნება

”როცა ცდები”

30 მაისი, 2012 • 2650
”როცა ცდები”

სწორედ იმ მიზეზით, რომ შეცდომები და მათი აღიარება ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო თემად მიიჩნიეს, ”რადარამის” საშუალებით ქეთრინ შულცის წიგნი ”როცა ვცდებით” (being wrong) ითარგმნა.

ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ქეთრინ შულცი მეორე დღეა, რაც საქართველოში იმყოფება. ის დღეს წიგნზე სასაუბროდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და დაინტერესებულ ადამიანებს წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” შეხვდა.

ქეთრინ შულცი ძირითადად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, ის შტატგარეშე ჟურნალისტი იყო და სტატიებს აქვეყნებდა New York Times Magazine–ის, Rolling Stone–ის და სხვა ცნობილი გამოცემებისთვის, წიგნის დაწერის იდეა კი ბლოგის წერის შემდეგ გაუჩნდა. The wrong Stuff – ასე ჰქვია მის ბლოგს, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს:

”ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი იმაზე, რას ვაკეთებთ არასწორად. ვაკვირდებოდი ადამიანებს, ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი შეცდომების აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ადამიანი უშეცდომო არ არის, მაინც ძალიან გვიჭირს ვაღიაროთ, რომ რაიმე ქმედება ჩვენი შეცდომა იყო. თავიდან ეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე და მართალი რომ გითხრათ, არ მიფიქრია, ვინ იქნებოდა ის აუდიტორია, ვისთვისაც ამ წიგნს დავწერდი”, – განაცხადა ქეთრინ შულცმა დღევანდელ შეხვედრაზე. მისი თქმით, ის უბრალოდ იღბლიანი აღმოჩნდა, ან ეს პრობლემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ამიტომაც მისი წიგნი ბესტსელერად იქცა, ხოლო მის ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც შეცდომების შესახებ საუბრობს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ქეთრინ შულცი
ქეთრინ შულცი

”ჩემი აზრით, ადამიანები, ვინც შეცდომებს არ აღიარებენ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჰგონიათ შეცდომის აღიარება მათ სისუსტეს წარმოაჩენს, სინამდვილეში კი ასე არ არის, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანი დააფასეს სწორედ მისი აღიარების გამო” , – აღნიშნა წიგნის ავტორმა. მისი თქმით, ყველაზე დიდ მიღწევად იმას თვლის, რომ წიგნის გამოშვების შემდეგ უამრავი მეილი მიიღო, რომელშიც ადამიანები წერენ, თუ როგორ აღიარეს შეცდომები და რამხელა შვება მიიღეს ამით.

”ეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პრობლემას არ წარმოადგენს, მე მგონი, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ამაზე, რადგან ხშირად ჩვენ მკაცრად განვსჯით ხოლმე მათ, ვინც შეცდომა აღიარა.  შეეცადეთ აღიაროთ და არ განსაჯოთ და ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება”, – განაცხადა ქეთრინ შულცმა.

წიგნი ქართულ ენაზე უკვე გამოიცა და მისი ღირებულება სულ რაღაც 2 ლარია.

”ჩვენ მიერ გამოცემული არამხატვრული ლიტერატურა ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასში იყიდება, რადგან გვინდა მივაწვდინოთ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში და ველოდებით გამოხმაურებებს”, – განაცხადა ”რადარამის” დამფუძნებელმა მარკ მალენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი