დღეს, 25 აპრილს, პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ ეკლესიისადმი პატივისცემის მიუხედავად, ოშკის საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლების საქმეა, რადგან საქართველო სეკულარული სახელმწიფოა.
ნიკა რურუას თქმით, ოშკის სანაცვლოდ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლება ინფორმაციას არ მალავს, რადგან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და საბოლოო შედეგი თავად მოლაპარაკების მხარეებისთვისაც არ არის ცნობილი. მინისტრის თქმით, როცა შედეგი მიღწეული იქნება, ის საჯარო გახდება.
”ოშკი გახლავთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი მარგალიტი და მისი გადარჩენა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პირდაპირი ვალდებულება კანონისა და ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება პრეროგატივებს, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა, მიუხედავად კონკორდატისა, ჩემი ეკლესიის, ჩვენი ეკლესიის წინაშე, მეც გახლავართ ჩვენი ეკლესიის ნაწილი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს სახელმწიფო. ძეგლთა დაცვის ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს,”- განაცხადა ნიკა რურუამ. მისივე მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ აღდგენის შემდეგ ქართველ სასულიერო პირებს ლიტურგიის ჩატარების უფლებაც ექნებათ.
”მინდა მოგახსენოთ, რომ აზიზიეს მეჩეთი სინამდვილეში წარმოადგენს ორსართულიანი სახლის ზომის ხის სალოცავს, რომელიც თავდაპირველ ადგილზე ვერ აშენდება და ამაზე პრეტენზია თურქეთს არც აქვს. ეს მცირე, 30-იან წლებში კომუნისტების მიერ გადამწვარი სამლოცველო აღდგება. ეს მე პირადად პრობლემად არ მიმაჩნია, რადგან ოშკის გადარჩენაში ფასი იქნება ძალიან მცირე,”- მიაჩნია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს. ნიკა რურუამ ასევე აღნიშნა, რომ სულთანი აზიზიე არ ყოფილა საქართველოს დამაწიოკებელი და ესეც არის ტყუილი. მინისტრის ცნობით, ის იყო ნახევრად ქართველი, ჰყავდა მეგრელი დედა და იყო ევროპული ორიენტაციის სულთანი, რასაც ის შეეწირა კიდეც.
”ოკუპაციაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ოტომანთა იმპერია არ არსებობს,” – უთხრა ნიკა რურუამ პარლამენტარებს.