ხელოვნება

წიგნები ფასდაკლებით

23 აპრილი, 2012 •
წიგნები ფასდაკლებით

დღეს დილიდან პუშკინის სკვერში წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან დაკავშირებით გამომცემლობებმა საკუთარი წიგნები გამოიტანეს.

დილის 11 საათიდან თითქმის ყველა გამომცემლობა და წიგნის მაღაზია მყიდველს სხვადასხვა აქციებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობს.

ხალხმრავლობაა გამომცემლობა ”დიოგენეს” დახლთან, რადგან სპეციალურად დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ”დიოგენემ” 50%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა:

”დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ყველა წიგნს 50%-იანი ფასდაკლებით, ეს არის ჩვენი ფასების პოლიტიკის განვითარებია, რომ ჩვენ გვინდა, დღევანდელ დღეს ადამიანებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქონ და ასე მიულოცონ და ეს ტრადიციად დამკვიდრდეს”, – ამბობს გამომცემლობა ”დიოგენეს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო კუსრაშვილი.

”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კი მკითხველს რამდენიმე სიახლე შესთავაზა, მათ შორის ”15 საუკეთესო” ქართული მოთხრობის ახალი კრებული:

”15 საუკეთესო არის ძალიან კარგი საშუალება, ადამიანებმა გაიცნონ ის მწერლები, ვინც აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში და შემდეგ თუ რომელიმე ავტორი დააინტერესებთ, უფრო ღრმად გაეცნონ მის შემოქმედებას. გარდა 15 საუკეთესოსი, ამ დღისთვის გამოვუშვით მსოფლიო ბესტსელერი ”შიმშილის თამაშები”, დავბეჭდეთ ორი ახალგარზრდა ქართველი მწერალი –მარი ბექაურის ”ელექტრო თაობა” და ჯაბა ზარქუას რომანი ”მკითხველი უნდა მოკვდეს”/ ვფიქრობ, დღევანდელი დღე საინტერესო გამოვიდა”, – აღნიშნა გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა.

გარდა ახლად გამოცემული წიგნებისა, სკვერში მოკრძალებული ადგილი ბუკინისტურ წიგნებსაც უჭირავს. ავთო ჩხაიძემ დღეს, საბავშვო წიგნების გარდა, ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების რამდენიმე ნაწარმოებიც გაყიდა:

”როდესაც იგივე წიგნის ახალი გამოცემა 20-30 ლარი ღირს, ბუკინისტებთან წიგნი 3-4 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ. მაგრამ საქართველოში წიგნის მაფია არსებობს. ამიტომ აკრძალეს ბუკინისტური წიგნების გაყიდვა და გადაიტანეს დედაენის ბაღში. დღეს ასეთი პომპეზური დღე მოაწყვეს, ვითომ წიგნის პოპულარიზაციას ეწევიან, მაგრამ ხვალ რომ დამინახონ, აქ წიგნებს ვყიდი, მოვლენ და მეტყვიან, წიგნით ვაჭრობა არ შეიძლებაო. ეს უსამართლობაა, როგორ შეიძლება წიგნის გაყიდვა აიკრძალოს”, – ამბობს ავთო ჩხაიძე.

დღევანდელი აქციებით მყიდველები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ:

”მე დღეს შევიძინე უმბერტო ეკო, ასევე რამდენიმე სხვა წიგნი, ფასები მაღაზიებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, ასეთ აქციებს ყოველთვის მივესალმები”, – ამბობს ერთ-ერთი მყიდველი ზაზა შენგელია.

როგორც გამომცემლები აცხადებენ, დღევანდელი დღე ერთგვარი შემზადებაა წიგნის ფესტივალისთვის, რომელზეც მკითხველს უამრავი სიურპრიზი ელის.

წიგნების გაყიდვა პუშკინის სკვერში დღეს საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი