დღეს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1995 წელს დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
განათლების გავრცელების და კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით წიგნის საერთაშორისო დღის დაწესება იუნესკოს 28-ე სესიაზე მოხდა. ამ დღეს წიგნების გამოფენა და შეღავათიან ფასში გაყიდვა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხდება.
ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის, უილიამ შექსპირისა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს ემთხვევა.
ესპანეთში სპეციალურად ამ დღეს მიგელ დე სერვანტესის სახელობის პრიზი გაიცემა და ორი დღის განმავლობაში ”დონ კი ხოტი” გადაბმულად იკითხება.
ამ დღეს ერთმანეთისთვის წიგნების ჩუქება ერთგვარი ტრადიციაა.
წიგნის დღე აღინიშნება საქართველოშიც. დღეს დილის 11 საათიდან პუშკინის სკვერში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება, გამოცემლობები მომხმარებელს დიდ ფასდაკლებებს და უახლეს გამოცემებს სთავაზობენ.
დღესვე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” მკითხველ საზოგადოებას გასული წლის 15 საუკეთესო ქართულ მოთხრობას და მათ ავტორებს წარუდგენს.
15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებულს გამომცემლობა მე-7 წელია გამოსცემს. კრებულში შესულია 2011 წელს ქართულ ლიტერატურულ პრესაში და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო მოთხრობა.
თითოეული მათგანი, ამავე დროს, არის ნომინანტი პრემიისა “წლის საუკეთესო მოთხრობა”, რომელსაც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს გადასცემს.
წიგნის დღესთან დაკავშირებით აქცია ”1 გვერდი = 1 თეთრს” გამართეს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. დღის მანძილზე აქ ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები მოეწყობა, გაიმართება პოეზიის საღამოც, დღის ბოლოს კი სტუდენტები ცაში მანათობლებს გაუშვებენ, რომელსაც საყვარელი წიგნების სახელებს მიაწერენ.
