ხელოვნება

აქცია მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ [Video]

4 აპრილი, 2012 •
აქცია მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ [Video]

დღეს, 4 აპრილს, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის  სამსახურიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

გათავისუფლებული თანამშრომლები თეატრის წინ ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ, რომელზეც დაწერილი იყო მოთხოვნა:
“შეწყვიტეთ ბავშთა თეატრის ნგრევა”, “არა კორუფციას ბავშვთა თეატრში”.

შეკრებილთა შორის იყვნენ ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებიც. პროფკავშირები მსახიობთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ. პროფკავშირების ვიცე პრეზიდენტის მანანა დარსაძის განმარტებით, ისინი დღეს ოფიცალური წერილით მიმართავენ თეატრის ადმინისტრაციას და ამის შემდგომ სასამართალოშიც შეიტანენ განცხადებას.

გათავისუფლებული მსახიობები განმარტავენ, რომ თეატრს მათ მიმართ ოთხთვიანი სახელფასო დავალიანებაც აქვს. როგორც სამხატვრო საბჭოს წევრი და მსახიობი კახა გაბელაია ამბობს, მსახიობები მიმართავენ პროკურატურას, რათა მოხდეს თეატრის მმართველის მიხეილ ანთაძის “კორუფციული საქმიანობის” შესწავლა.

დათხოვნილ თანამშრომელთა შორისაა ზურაბ ვადაჭკორიაც. მისი განმარტებით, თეატრიდან მისი გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდთან ურთიერთობას უკავშირდება:

“მე დამირეკა ანთაძემ და მკითხა, იღებ თუ არა ხელფასს ივანიშვილის ფონდიდანო. კი-მეთქი, ვუთხარი, რადგან ეს ფონდი, თეატრისგან განსხვავებით, არც ხელფასს მიგვიანებს და არც იძულებით უხელფასო შვებულებაში მიშვებს, ამას მალევე მოყვა ჩემი და არა მარტო ჩემი გათავისუფლება”, – აცხადებს ზურაბ ვადაჭკორია.

მსახიობების თეატრიდან 23 მარტს დაითხოვეს. დათხოვნილთა შორის არიან  საქართველოს დამსახურებული არტისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და პრემიის ლაურეატები, ღირსების ორდენის კავალერი მსახიობები.

მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თეატრში არსებული დარღვევების შესახებ მსახიობთა ნაწილმა კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას განცხადებით მიმართა, ისინი თეატრის მმართველმა გაათავისუფლა.

პრობლემის მოგვარების მიზნით თეატრის მსახიობები შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც, სადაც მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი მათ საქმის შესწავლას დაპირდა.

დღეს თეატრის წინ შეკრებილმა მსახიობებმა იმპროვიზებული წარმოდგენა გამართეს, სადაც მხატვრულად იყო გადმოცემული თეატრის პრობლემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი