ხელოვნება

ქართველი ანიმატორები შტუდგარტში გაემგზავრებიან

2 აპრილი, 2012 •
ქართველი ანიმატორები შტუდგარტში გაემგზავრებიან

ეროვნული კინოცენტრი, რობერტ ბოშის ფონდთან ერთად, ანიმაციის კოპროდუქციის ფორუმს ატარებს, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს, ანიმატორებს და პროდიუსერებს გააერთიანებს როგორც კავკასიის რეგიონიდან, ასევე – გერმანიიდან. ფორუმის  ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები, სემინარები და  ტრეინინგები. მისი მიზანი საინტერესო პროექტების გამოვლენაა და,  შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც პროდიუსერს ან კოპროდიუსერს ეძებს.

“ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ანიმაციის სფეროში ძალიან  მნიშვნელოვანია ანიმატორებისთვის. მატერიალური მხარე არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, მთავარია, თანამშრომლობა და მიზანმიმართული კონტაქტების დამყარება. ცხადია, ასეთი სახის შეხვედრები და ფესტივალები ხელს შეუწყობს ამ ჟანრის განვითარებას,” –  აღნიშნა “ნეტგაზეთთან” საუბრისას კინოცენტრის პროექტების მენეჯერმა, ქეთი დანელიამ.

ფორუმი 10-11 მაისს ანიმაციური ფილმების შტუტგარტის მეცხრამეტე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში (ITFS) ტარდება. ოფიციალურად წელს პირველად თანამშრომლობს  კინოცენტრი ფესტივალთან, თუმცა მას ქართველი ანიმატორები წინა წლებშიც ესწრებოდნენ. ფესტივალი საშუალოდ  2000-ზე მეტ პროფესიონალს  და 7500-ამდე მაყურებელს აერთიანებს და უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს ანიმაციური ბიზნესისა და კულტურისათვის.

კავკასიის რეგიონიდან ფორუმში მონაწილეობისთვის 10-მდე ანიმაციური ფილმის პროექტი შეირჩევა, რომელთა ავტორებიც სამი დღის განმავლობაში დაესწრებიან ფესტივალის ფარგლებში გამართულ მათთვის საინტერესო შეხვედრებსა და ჩვენებებს.

ფორუმში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადის ფორმის და პირობების ნახვა შესაძლებელია კინოცენტრის საიტზე.

რაც შეეხება  ბოშის ფონდს, ის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფონდია, რომელიც კულტურული პროექტების მხარდამჭერ საქმიანობას ეწევა, მათ შორის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ კინოპროექტები როგორც გერმანიაში, ასევე – მის საზღვრებს გარეთ.

კინოცენტრმა და ფონდმა ერთობლივი პროექტების წარმოება გასული წლიდან დაიწყეს.

“2011 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარდა რობერტ ბოშის ფონდის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინდუსტრიული შეხვედრები. პროექტი მოიცავდა კავკასიის რეგიონში მყოფი ახალგზარდა  კინემატოგრაფისტების ტრენინგს და მომზადებას ბოშის ფონდის კო-პროდუქციის პრიზისთვის.

თბილისში 5 ახალგზარდა გერმანელი პროდუსერი იყო ჩამოსული,  რომელთაც კონტაქტი დაამყარეს ახლაგაზრდებთან და მთელი წლის განმავლობაში ავითარებდნენ პროექტებს. ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს ინიციატივა, რადგან ერთ-ერთი მონაწილე პროექტი „მადონა“ (რეჟისორი ნინო გოგუა; პროდუსერი: ნათია გულიაშვილი) ნომინირებულია ბოშის ფონდის პრიზის მისაღებად, პრიზიორი პროექტი გამოვლინდება აპრილში ვისბადენის კინოფესტივალზე,” – აღნიშნა ქეთი დანელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი