2 აპრილი ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოში განსაკუთრებული ღონისძიებები არ იგეგმება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წიგნის მაღაზიის და გამომცემლობის მიერ საბავშვო ლიტერატურაზე შემოთავაზებული ფასდაკლებებს.
საბავშვო წიგნების გამოცემა-გაყიდვა, ზოგადად, უფრო წარმატებული და მომგებიანია, ვიდრე სხვა ტიპის ლიტერატურის. ამ თუ სხვა მიზეზის გამო პატარებისთვის განკუთვნილი წიგნების ავტორობას ისეთი ადამიანებიც კი იღებენ საკუთარ თავზე, როგორიცაა, მაგალითად, პოპ დედოფალი მადონა ან ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც თითქმის 10 მილიონით გაზარდა ბოლო წლებში ქონება საბავშვო წიგნების გაყიდვებით.
ქართველი ბავშვების უმეტესობა კი ისევ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებს, იაკობ გოგებაშვილის “საღმრთო ისტორიის” მიხედვით შექმნილ “საბავშვო ბიბლიას” და “მოსწავლის პირველ ენციკლოპედიას” კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, გამომცემლობების დაკვირვება მათ მიერ გამოცემული წიგნების გაყიდვაზე სწორედ ამას გვეუბნება. მათივე დაკვირვებით, საბავშვო წიგნების გაყიდვის მაჩვენებელი ბევრად მაღალია ნებისმიერი სხვა ტიპის ლიტერატურაზე.
თუმცა, აქვე იმასაც ამბობენ, რომ გაცილებით მაღალია მოთხოვნა არაქართველი ავტორების წიგნებზე. გამომცემლობა “დიოგენეში” ამბობენ, რომ ამის მიზეზი ავტორის ცნობადობაა.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 100% -ით მოიმატა საბავშვო წიგნების გამოცემამ და, შესაბამისად, დიდი არჩევანი აქვს როგორც მშობელს, ასევე – ბავშვს. წიგნების ყიდვისას უმეტესად 2 ფაქტორი მუშაობს, რამდენად ცნობილია ავტორი და როგორი ილუსტრაციები აქვს წიგნს. შესაბამისად, მათ გულს არაქართველი ავტორები უფრო იგებენ,”- ამბობს გამომცემლობა “დიოგენეს” გაყიდვების მენეჯერი, ეკა ხარატიშვილი.
გამომცემლობის გაყიდვების მაჩვენებლებით პირველ ადგილზე უკვე წლებია “პეპი გრძელწინდა” და “სახურავის ბინადარი კარლსონი” რჩებიან. ამის შემდეგ მოდის ბარბარა რაიდის “კოტრიალა ლექსები” და ალის ბრიერ-აკეს და სელია შოფრეს “პიერი და მთვარე”.
“ბევრი ახალი, კარგი და ლამაზი წიგნი გვაქვს. განსაკუთრებით მომწონს ახალი სერიაა “ერნესტის და სელესტინის ამბები”. ჯერ პირველი გამოვიდა,” – ამბობს გამომცემლობა “დიოგენეს” რედაქტორი ანა ჭაბაშვილი.
ბაკურ სულაკაურის გამოცემლობაში კი ამბობენ, რომ ბავშვების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს მამა ზებრის თავგადასავალი, ანუ სოფო კირთაძის “ზოლემია”:
“ტექსტია ძალიან სახალისო და კიდევ უფრო სახალისო და მხიარული ილუსტრაციები აქვს. საერთოდ, საბავშვო საკითხავი წიგნები რამდენიმე კატეგორიად იყოფა და ყველას თავისი მყიდველი ჰყავს. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გაყიდვების მაჩვენებელი, ამ მხრივ, საბავშვო შემეცნებით ლიტერატურას აქვს. ასევე ძალიან კარგად იყიდება ე.წ. წიგნი სათამაშოები ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (რბილი, მოძრავი წიგნები, 3– განზომილებიანი/ხმოვანი წიგნები, წიგნის პირველი თაროები და ა.შ. ). თუმცა დღემდე ყველაზე პოპულარულად მაინც რჩება საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც ყოველი თვის მაჩვენებლების მიხედვით პირველ ადგილზეა,” – ამბობს სულაკაურის გამომცემლობის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი, ნინო ნადიბაიძე.
ბავშვებისთვის წიგნების შეძენა შეგიძლიათ როგორც მის დაბადებამდე, ასევე მის ადრეულ ასაკშივე. მაგალითად, მუსიკოსი ნათია სართანია, იგივე სტია იხსენებს:
“დაბადებიდან დავიწყე ბავშვებისთვის წიგნების ყიდვა. 10 დღის არ იყო ჩემი პირველი ბიჭი, დედაჩემი რომ წიგნებს უკითხავდა. 3 თვიდან უკვე პერსონალური, ჟღარუნა, სალოკი წიგნებით ერთობოდა გიგუცი. ნაჭრის წიგნებია და ყველა გვერდზე სხვადასხვა ფაქტურა აქვთ. მერე, 6 თვის ასაკიდან შემოვიღეთ მუსიკალური წიგნები, რომ ფურცლავ და მუსიკას უკრავს. ახლა 8 წლის არის, 2 ენაზე კითხულობს და საყვარელი ავტორი როალდ დალი ჰყავს.“
თუმცა წიგნები ზოგისთვის მაინც ფუფუნებად რჩება მათი მაღალი ფასის გამო და ბევრი მშობელი იშვიათად თუ ახერხებს მათ შეძენას:
“ვერ ვყიდულობ ახალ წიგნებს. მიწევს ქუჩაში თვალიერება და ძველი წიგნების იქ ყიდვა. ან უფროსისთვის ვთხოულობ ხოლმე, წაიკითხავს და ვუბრუნებთ უკან პატრონს. სამი წლის ეკატერინეს, მაგალითად, აქვს ზღაპრების სერია, თუმცა დიდად არ მომწონს. არ არის 3 წლის ბავშვებისთვის გათვლილი. ხანდახან 2-3– ლარიან ზღაპრებს ვყიდულობ, თხელ და არც თუ ისე კარგი ხარისხის, ტექსტს იშვიათად მივყვებით, ძირითადად, სურათების მიხედვით ვყვებით ზღაპარს. გვაქვს კიდევ ენციკლოპედიებიც, რომლებსაც ძირითადად გვჩუქნიან ხოლმე. შინაარსობრივად პრინციპში მომწონს, მაგრამ ეგენიც ძვირია,” – ამბობს ბლოგერი და სამი შვილის დედა ხატია შამუგია.