ხელოვნება

დათხოვნილ მსახიობებს ივანიშვილი აფინანსებს

29 მარტი, 2012 •
დათხოვნილ მსახიობებს ივანიშვილი აფინანსებს

 

მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილმა თანამშრომლებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილესთან ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუდან“ მიღებული დახმარებების შესახებაც ისაუბრეს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორსაათიანი შეხვედრიდან გამოსული მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილემ, მაკო ჭოღოშვილმა დეტალურად მოისმინა მათი პრეტენზიები თეატრის მმართველის, მიხეილ ანთაძის მიმართ და საქმის შესწავლას დაპირდა. 

მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თეატრში არსებული დარღვევების შესახებ მსახიობთა ნაწილმა კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას განცხადებით მიმართა, ისინი თეატრის მმართველმა დაითხოვა. 

მსახიობები განამრტავენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნა უშუალო კავშირშია ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო ფონდ „ქართუდან“ მიღებულ ფულად დახმარებასთან, რომლის მიღებაც მმართველმა თანამშრომლებს აუკრძალა.

„კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მოვახსენეთ, რომ ჩვენი დასჯა, თეატრიდან დათხოვნა, უკავშირდებოდა იმასაც, რომ ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკრულებები საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“. რაზეც მან განგვიმარტა, რომ სამინისტროს მითითებები არ გაუცია, რომ დაესაჯათ ისინი, ვინც ამ დახმარების მიღებაზე ხელს მოაწერდა. მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ სამინისტრომ თეატრებს შესთავაზა, უარი  განეცხადებინათ დახმარებების მიღებაზე, თუმცა ეს ინდივიდულურად, მსახიობის გადასაწვეტი უნდა ყოფილიყო,”- ამბობს მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილი მსახიობი, კახა გაბელაია. 

მსახიობები ამბობენ, რომ ფონდ “ქართუსთან” თანამშრომლობის გაგრძელების მიზეზი ის იყო, რომ თეატრში შრომის სტაბილური ანაზღაურება არ ჰქონდათ.

თეატრის დათხოვნილი მსახიობების თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუდან” ფულად დახმარებას კვლავ იღებენ. 

რეჟისორ ქეთი დოლიძეს მიაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები სხვა თეატრებშიც მოხდება. 

“აუცილებად სხვა თეატრების მსახიობებიც დაისჯებიან, თუ უარს არ იყტვიან ივანიშვილის დახმარებაზე,”- ამბობს ქეთი დოლიძე. 

ამავე თემაზე: მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომელი დაითხოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი